ირაკლი ხმალაძე - მეტროს მემანქანეები თუ მაინც გაიფიცნენ, ეს იქნება კანონდარღვევა, რომელსაც შესაბამისი პასუხისმგებლობა მოჰყვება
ირაკლი ხმალაძე - მეტროს მემანქანეები თუ მაინც გაიფიცნენ, ეს იქნება კანონდარღვევა, რომელსაც შესაბამისი პასუხისმგებლობა მოჰყვება

სამწუხაროა, რომ მრავალი შეხვედრის მიუხედავად, ჩვენ მეტროს მემანქანეების დარწმუნება ვერ შევძელით და მაინც მიმართეს უკიდურეს ზომას, გაფიცვას, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მერია გააგრძელებს თანამშრომლებთან კონსულტაციას, რომ დედაქალაქის მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას. ამასთან, აღნიშნა, რომ მეტროს მემანქანეები თუ მაინც გაიფიცნენ, ეს იქნება კანონის დარღვევა, რომელსაც შესაბამისი პასუხისმგებლობა მოჰყვება.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არასდროს მიიღებს კონკრეტულ ჯგუფთან მიმართებაში გადაწყვეტილებას, განცალკევებულად და მხოლოდ მათ სასარგებლოთ ისე, რომ ეს საერთო სურათს არ შეესაბამებოდეს. ჩვენ გვევალება ჩვენი ფინანსური რესურსები განკვარგოთ სწორად გონივრულად რაციონალურად და ეს იყო საერთო სურათში სწორი გადაწყვეტილება. სამწუხაროა, რომ მრავალი შეხვედრის მიუხედავად, ჩვენ მეტროს მემანქანეების დარწმუნება ვერ შევძელით და მაინც მიმართეს უკიდურეს ზომას, რაც არის გაფიცვა. თუმცა, გუშინ სასამართლომ გადაავადა გაფიცვის ღონისძიება 30 დღით, ამასთან, პარალელურად შესულია სარჩელი თბილისის საქალაქო სასამრთლოში, რომ ეს გაფიცვა არაკანონიერად იქნას ცნობილი, რომ მუნციპალიტეტს არ დაურღვევია მის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, გავაგრძელებთ თანამშრომლებთან კონსულტაციას, რომ დედაქალქის მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა. მერია ყველაფერს გააკეთებს და დღეს თბილისის მერმაც გააკეთა განცხადება, რომ მეტრო არ გაჩერდება. როგორც 3 მაისს, ასევე ნებისმიერ დროს. რა თქმა უნდა, ეს ასე იქნება, დედაქალაქის მოსახლეობას დისკომფორტს არ შევუქმნით. ხვალ თუ მაინც გაიფიცნენ, ეს იქნება კანონის დარღვევა და ამას შესაბამისი პასუხისმგებლობა მოჰყვება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ირაკლი ხმალაძე ვერ აკონკრეტებს, რა იქნება ალტერნატიული ზომები, რასაც მერია გაფიცვის შემთხვევაში მიმართავს.

„იმ შემთხვევაში, თუ მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ, მერია თავად მოახერხებს იმას, რომ მეტრო არ გაჩერდეს და ჩვენ მივმართავთ სხვა ალტენატიულ ზომებს. თუ რა იქნება ალტენატიული ზომები, ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა მომდევნო პერიოდში თუ დაგვჭირდა, ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეების მიერ ორგანიზებულ გაფიცვის ღონისძიებას თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 3 მაისს მეტრო იმუშავებს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას.

„ამ ადამიანებს შეუძლიათ, ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ ჩვენ – დედაქალაქის მთავრობა და მინდა, მკაფიოდ განვუცხადო ყველას, თქვენც, ვინც გაფიცვას აპირებთ და დაანონსებული გაქვთ და ასევე დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეებში და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროს მემანქანეების ნაწილმა 30 აპრილს განაცხადეს, რომ მეტროპოლიტენი 3 მაისს 06:00 საათიდან არ იმუშავებს, რადგან მათ მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებას ვერ მიაღწიეს.