ირაკლი ხმალაძე - კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში რამდენიმე დღეში უნდა მიღებულიყო, მაგრამ ეს გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს
ირაკლი ხმალაძე - კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში რამდენიმე დღეში უნდა მიღებულიყო, მაგრამ ეს გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობებზე წინასწარ საუბრისგან თავს იკავებს.

ამასთან, მისი განმარტებით საუბარი იყო აღნიშნული ახალაშენებული კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებაზე, თუმცა ეს არაფერს ცვლის, რადგან მერიის მიერ ექსპლუატაციაში მიღება არც გაზის სისტემის უსაფრთხოებას ადგენს და არც უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობას.

„ეს ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა, მათზეა დელეგირებული აღნიშნული უფლებამოსილება. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო პასუხისმგებლობებზე, მაგრამ ცხადია, რაც გაკეთდა, ეს არ იყო სწორი და სამწუხაროდ, საქმე გვაქვს უკვე დანაშაულთან. სერიოზული დაუდევრობის შედეგად მივიღეთ დიდი ტრაგედია“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

ამასთან, მისი თქმით, პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების, გულისხმიერების უფრო მაღალი გრძნობა უნდა გამოავლინონ როგორც კომპანიებმა, ისე მომხმარებლებმა.

„დღეს ქალაქში კიდევ გვაქვს სახეზე კუსტარული მიერთებები, თვითნებურად დამზადებული მოწყობილობები, რომლებიც რისკის შემცველია. რა თქმა უნდა, კომპანიების მხრიდანაც უნდა იყოს შესაბამისი რეაგირება. ის, რომ ადგილზე იყო გამოძახება, ცხადყოფს დაუდევრობაზე და პასუხისმგებლობის დაბალ განცდაზე კომპანიების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე განმარტებით, გაზგამანაწილებელი კომპანიების მაკონტროლებელი არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისა მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

„კომისია ამას აკეთებს კიდეც, მაგრამ ამ პროცესების სრულყოფილებაზე ძალიან მიჭირს ახლა საუბარი, რადგან გვაქვს ტრაგიკული შედეგი. ეს შედეგი მივიღეთ არა 10-15 წლის წინ გაკეთებულ ქსელზე და გაყვანილობაზე, არამედ სულ ახლახან გაკეთებულზე. რამდენიმე დღეში უნდა მიღებულიყო ეს კორპუსი ექსპლუატაციაში“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა რვა. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.