ირაკლი გოგავა - შერეული საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად ერგება დღევანდელობას
შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს არსებობს, ყველაზე მეტად ერგება დღევანდელობას, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ანალიტიკოსმა ირაკლი გოგავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„როდესაც კონსტიტუციაში მიიღეს ცვლილება, რომ 2024 წელს პროპორციული სისტემა უნდა იყოს, საზოგადოებას აზრი არ ჰკითხეს და პრობლემა ამაში მდგომარეობს. არ მგონია, რომ მხოლოდ პროპორციული არჩევნები იყოს სწორი. თან, მაჟორიტარების დემონიზაცია დაიწყეს, ფეოდალებიო და ასე შემდეგ“, – განაცხადა გოგავამ.
მისი თქმით, ყველა მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარებში უფრო მცოდნე ხალხია არჩეული, ვიდრე პროპორციული სიით.
„ყველაფერი შედარებითია. მე ეს მაინტერესებს, არ დავიზარე, ჩავუჯექი და ყველა მოწვევის პარლამენტის სიითი შემადგენლობა შევადარე ყველა მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარებს. გარწმუნებთ, ხარისხობრივად, მაჟორიტარებში უფრო მეტად მცოდნე ხალხია არჩეული. ინტერნეტში ეს სიები განთავსებულია და შეგიძლიათ ნახოთ. ამიტომ, ეს სისტემა ცუდი არ არის“, – განაცხადა გოგავამ.
როგორც გოგავამ აღნიშნა, პრობლემა სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა და არა მაჟორიტარული სისტემა.
„დღეს, როცა ამომრჩეველი ხმას აძლევს, მას ორი არჩევანი აქვს – პარტიასაც აძლევს ხმას და მაჟორიტარსაც. თუ სრულად პროპორციული იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები ხალხს ეუბნებიან – შენ არ აირჩიო პერსონიფიცირებული ადამიანი, ვერ აირჩევ, იმიტომ, რომ ცუდებს ირჩევ, ფეოდალებს, და მოდი, მე ჩავწერ სიაში და იმათ მიეცი ხმაო. რეალურად, ასე გამოდის“, – განაცხადა გოგავამ.
ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ პროპორციული სისტემით, თუ ადამიანს არცერთი პარტიის წევრობა არ სურს, ერთმევა კონსტიტუციური უფლება, იყოს არჩეული, რაც ასევე დიდი პრობლემაა.