ირაკლი ღარიბაშვილი - ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არასოდეს გავაკეთებ იმას, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას
ირაკლი ღარიბაშვილი - ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არასოდეს გავაკეთებ იმას, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას

ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს; გვინდა, რომ უკრაინაში არ იყოს ომი, იყოს მშვიდობა, აღდგეს მათი ტერიტორიული მთლიანობა და მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავის მხრივ, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„ჩვენ ახლა ვაკვირდებით სიტუაციას, თუ როგორ იმოქმედებს დასავლეთი, რა საპასუხო ზომებს მიიღებს და როგორ გასცემს პასუხს დასავლეთი რუსეთის ამ გამოწვევას, ამ ტესტს. მე ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებ ანალიტიკას, დაზვერვის ინფორმაციას და ბუნებრივია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას. ერთი რამ მინდა, ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვა, რომ არ იყოს სპეკულაციები და რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვასთან, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ და ვიხელმძღვანელებთ. სხვა ყველაფერს, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მე ამას არასოდეს გავაკეთებ. ეს არის ძალიან ცხადი ნათქვამი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.