ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდება
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდება

საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან.

„საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდა, სამშობლოში ბრუნდება. ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ერთ-ერთ კანადურ კომპანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ, სამშობლოში ბრიტანული მხარის თვითმფრინავით ბრუნდებიან. „16 ქართველი იყო დარჩენილი დღევანდელ დღემდე ქაბულში. დღეს, დილით მოხდა მათი უსაფრთხო გადაყვანა მათი ლოკაციის ადგილიდან აეროპორტში, ნატო-ს ბაზაზე. ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი დუბაის მიმართულებით. შევეცდებით, რომ ეს ადამიანები დუბაიდან წამოვიყვანოთ თბილისში, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ მათ მოუწიოთ გზის გაგრძელება ლონდონში და იქიდან მოხდება მერე მათი ჩამოყვანა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.