ავღანეთში დარჩენილი საქართველოს 16 მოქალაქე ნატო-ს ბაზიდან დღეს გამოფრინდება
ავღანეთში დარჩენილი საქართველოს 16 მოქალაქე ნატო-ს ბაზიდან დღეს გამოფრინდება

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქე დღეს გამოფრინდება და სამშობლოში დაბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ისინი ამ წუთებში სხდებიან თვითმფრინავში.

„16 ქართველი იყო დარჩენილი დღევანდელ დღემდე ქაბულში. დღეს, დილით მოხდა მათი უსაფრთხო გადაყვანა მათი ლოკაციის ადგილიდან აეროპორტში, ნატო-ს ბაზაზე. შესაბამისად, ახლა მიდის პროცესი, ისინი სხდებიან თვითმფრინავში. ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი დუბაის მიმართულებით.

სწორედ ამ წუთას მიმდინარეობს ჩასხდომა და ისინი გაფრინდებიან დუბაიში. სავარაუდოდ, დღეს, დღის განმავლობაში, ჩამოფრინდებიან საქართველოში“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მათი უსაფრთხო ტრანსპორტირება აეროპორტამდე.

„ჩვენ ვთხოვეთ პარტნიორ ქვეყნებს, დაგვხმარებოდნენ. აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთს გაწეული დახმარებისთვის და მცდელობებისთვის; დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბრიტანულ მხარეს, რომელმაც უზრუნველყო ამ ადამიანების გადაყვანა იმ ადგილიდან, სადაც ისინი იმყოფებოდნენ აეროპორტში. იყო გარკვეული შეფერხებები, გარკვეული სირთულეები, თუმცა ჯანმრთელად და მშვიდობით მიაღწია თითოეულმა მათგანმა აეროპორტში.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იყო სულ საქართველოს 24 მოქალაქე და ეს 16 ადამიანი რომ გამოფრინდება წუთი-წუთზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ ქართველები აღარ დარჩებიან.

ვვარაუდობთ, რომ შეიძლება, იყვნენ კიდევ ვიღაცები, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთვის მათ არ მოუმართავთ, არც რეგისტრაციაზე დამდგარან. ამიტომ ჯერჯერობით მათ შესახებ არ ვიცით.

რაც შეეხება ამ 16 მოქალაქის ჩამოსვლას, როგორც გითხარით, ამ წუთას მიმდინარეობს ჩასხდომა. ეს რეისი უზრუნველყო ბრიტანულმა მხარემ. თვითმფრინავი ჯერ გაფრინდება დუბაიში და შემდეგ ლონდონში. რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ ეს ადამიანები დუბაიდან წამოვიყვანოთ თბილისში, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ მათ მოუწიოთ გზის გაგრძელება ლონდონში და იქიდან მოხდება მერე მათი ჩამოყვანა“, – განაცხადა ალქესანდრე ხვთისიაშვილმა.