ირაკლი ღარიბაშვილი - ილია დარჩიაშვილს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება აქვს და მჯერა, რომ წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება
ირაკლი ღარიბაშვილი - ილია დარჩიაშვილს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება აქვს და მჯერა, რომ წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება

ილია დარჩიაშვილს ბრწყინვალე განათლება და გამოცდილება აქვს და მჯერა, რომ წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ილია დარჩიაშვილი წლების წინ მუშაობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო, ბოლო წლებში კი საქართველოს ელჩი იყო პოლონეთში.

„მინდა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ბატონი ილია დარჩიაშვილი. ილიას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კერძო სექტორში, საჯარო სექტორში, მას აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მჯერა, რომ ილია წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება. წლების წინ ის მუშაობდა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო, მანამდე პოლონეთის საელჩოში მუშაობდა და ბოლო წლებში, ოთხი წლის განმავლობაში ის იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში. მჯერა, რომ ილია წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება და წარმატებას ვუსურვებ მას. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, საჭიროა აქტიურობა, ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მისაღწევად ამ გზაზე გვჭირდება შემართებით მუშაობა და ჩვენი ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.