ირაკლი ფავლენიშვილი - ჩვენთვის ლეგიტიმური იქნება თუ არა საქართველოს მთავრობა, უკრაინას საქართველოში წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, ელჩის დანიშვნას მივესალმებით
ირაკლი ფავლენიშვილი - ჩვენთვის ლეგიტიმური იქნება თუ არა საქართველოს მთავრობა, უკრაინას საქართველოში წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, ელჩის დანიშვნას მივესალმებით

საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინულ სახელმწიფოს საქართველოში წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს.

„როდესაც ვსაუბრობთ იმ კონფრონტაციაზე, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, კი, ახლაც არის, მაგრამ ელჩის რაღაც პერიოდში არყოფნა იყო ლოგიკური. მოხდა უპრეცედენტო რამ,  ყველაზე მეტად ეიმედებოდათ საქართველოსი და ამ დროს საქართველო ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად იყო ქცეული, მისი წარმომადგენლები რუსულ ნარატივებს ავრცელებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო არენაზე. ამიტომაც ძალიან ბუნებრივი იყო ის, რომ ასეთი სამწუხარო შემთხვევები მოხდა. თუმცა ახლა ჩვენთვის ლეგიტიმური იქნება თუ არალეგიტიმური იქნება საქართველოს მთავრობა, უკრაინის ხელისუფლებას და, ზოგადად, უკრაინულ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოში. მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით უკრაინის ელჩის დანიშვნას საქართველოში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.

უკრაინამ საქართველოდან ელჩი 2022 წლის პირველ მარტს გაიწვია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

„დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.