ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდებში ისევ გაიტანა – „ექსელსიორმა“ როტერდამულ დერბიში „ფეიენოორდი“ დაამარცხა #1TVSPORT
ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების ერედივიზიონში მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა და „ექსელსიორს“ სტუმრად „ფეიენოორდთან“ როტერდამული დერბის მოგებაში დაეხმარა – 3:2.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-40 წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით გუნდი დააწინაურა. ეს ეგოიანისთვის მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლია. მის ანგარიშზე ასევე ხუთი საგოლე გადაცემაა.
სლოვაკეთის ნაიკის ლიგაში სანდრო ნარიმანიძის „ჟილინამ“ საკუთარ მოედანზე „ბანსკა-ბისტრიცას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.
თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის ტრნავას „სპარტაკს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. სამივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. მათ შორის საუკეთესო შეფასება ცენტრალურმა მცველმა, თორნიკე ძოწენიძემ დაიმსახურა – 7,5 ქულა.