ირაკლი ცირეკიძე - ყრილობაზე დაფიქსირებული ერთსულოვნება მაიმედებს
ირაკლი ცირეკიძე - ყრილობაზე დაფიქსირებული ერთსულოვნება მაიმედებს

„დღეს ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე დაფიქსირებული ერთსულოვნება იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს სახეობაში ყველაფერი ლაგდება, ეს კი წინსვლის საფუძველი გახდება“, – ეს ძიუდოში ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ირაკლი ცირეკიძე ყრილობის შემდეგ განაცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნებში 55 დელეგატი მონაწილეობდა. თავდაპირველად პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოდა – ბოლო მომენტში კანდიდატურა მოხსნეს გურამ მოდებაძემ, ლაშა გუჯეჯიანმა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, თემურ ხუბულურმა. დარჩა მხოლოდ ერთი კანდიდატი – ძიუდოს ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, რომელსაც მხარი 55-ვე დელეგატმა დაუჭირა.

„ნებისმიერ საქმეში გაერთიანება და სტაბილურობა ბევრს ნიშნავს და მიხარია, რომ დღეს არჩევნებში გიორგი ათაბეგაშვილს ხმა 55-ივე დელეგატმა მისცა. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ერთსულოვნება იქნება, ქართული ძიუდო კიდევ უფრო განვითარდება და თავის პოტენციალის უკეთ გამოავლენს“, – ამბობს ირაკლი ცირეკიძე.

ირაკლი ცირეკიძემ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი 2007 წლის 15 სექტემბერს, რიო-დე-ჟანეიროში საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ილიას ილიადისის დამარცხებით მოიპოვა. 2008 წლის 13 აგვისტოს კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, იყო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2012 წელს.