სპორტსმენთა გაერთიანება „ჩემპიონთა ლიგა“ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ითხოვს
სპორტსმენთა გაერთიანება „ჩემპიონთა ლიგა“ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ითხოვს

„ჩემპიონთა ლიგა“ ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებსა და პრიზიორებს, ასევე ყოფილ თუ მოქმედ სპორტულ მენეჯერებს აერთიანებს. სპორტსმენთა სახელით, განცხადება დღეს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ირაკლი ცირეკიძემ გაავრცელა.

ორგანიზაციის წევრები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალ წესდებას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების წესი დისკრიმინაციულია და ის ერთ პიროვნებაზე, მოქმედ პრეზიდენტზე, ლერი ხაბელოვზეა მორგებული. საქართველოს პირველი არხი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ქართულ და საერთოდ მსოფლიო სპორტში შექმნილი უპრეცედენტო ვითარებისას, როდესაც ბუნდოვანია საერთაშორისო და ეროვნული სპორტული ღონისძიებების ბედი. როდესაც ჯერ კიდევ უცნობია ერთხელ უკვე გადადებული ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების თარიღი, წესები და პირობები. როდესაც მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა კოლაფსმა, საფრთხის წინაშე დააყენა სპორტსმენთა მთელი თაობის პერსპექტივა და მომავალი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი ხელმძღვანელობა დაკავებულია საკუთარი ვიწრო პიროვნული და პოლიტიკური ინტერესების გატარებით.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ნაცვლად იმისა, რომ დარგის სპეციალისტებთან ერთად და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, მუშაობდეს პანდემიურ და პოსტ პანდემიურ პერიოდში, მაღალი მიღწევების სპორტში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, წერს და ღებულობს აბსოლუტურად დისკრიმინაციულ, საკუთარ თავზე მორგებულ წესდებას, თაღლითურად, დასაბუთების გარეშე, მხოლოდ თავისი ნებასურვილის შესაბამისად ცვლის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევის წესს, ( ახალი რედაქციით, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები ან ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა) თარიღს და ხელის გადაგრეხვის პრინციპით ცდილობს კიდევ გაიხანგრძლივოს საკუთარი პრეზიდენტობა.

უპასუხისმგებლობით და თავის უმოქმედობით ხელს უწყობს ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული კრიმინალური ფაქტების გამო , ზოგადად სპორტსმენებისადმი საზოგადოებაში შექმნილი ნეგატიური განწყობების ფორმირებას და გაძლიერებას.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ დღევანდელი არჩევნები არის უკანონო, დისკრიმინაციული და არასამართლიანი, ხოლო ამ არჩევნების შედეგი ვერ ასახავს სპორტული საზოგადოების ნებას, მოახდენს ოლიმპიური და ზოგადად, სპორტული მოძრაობის გახლეჩას, შექმნის დაპირისპირების რეალურ საფრთხეს.

ამ ფარსში მონაწილე დელეგატები ხელს მოაწერთ უკანონობას, უსამართლობას, თაღლითობას.

ვუცხადებთ ბოიკოტს არჩევნებს და მოვითხოვთ:

1. გადაიდოს არასამართლიანი არჩევნები
2. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა დემოკრატიული და სამართლიანი პრინციპების გათვალისწინებით მოამზადებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალ წესდებას და უზრუნველყოფს მის დამტკიცებას.
3. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდეს ახალი დემოკრატიული და სამართლიანი წესდების შესაბამისად.

განცხადებას ხელს აწერენ:

ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ასანიძე

ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია

ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი რამაზ ნოზაძე

მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის სამ გზის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი მზევინარ სამუკაშვილი

საქართველოს ჩემპიონატისა და თასის მრავალგზის გამარჯვებული, პირად, ჯგუფურ ვარჯიშსა გუნდურ ჩათვლაში ფიქრია ფანქველაშვილი

საქართველო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, გია ნაცვლიშვილი

ევროპის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლაშა ფხაკაძე

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი რევაზ ჩომახიძე

ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებებში ზვიად ხანჯალიაშვილი

მსოფლიო თასის ვერცხლისა და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი თენგიზ პაპოშვილი

ქართველი პარაოლიმპიელი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ლია ჩაჩიბაია

საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული, ოლიმპიური თამაშების მონაწილე ზურა ხომასურიძე

დატოვე კომენტარი