ირაკლი ჩიქოვანი - ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ჩვენი ზუგდიდის განვითარებას
ირაკლი ჩიქოვანი - ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ჩვენი ზუგდიდის განვითარებას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის პირველ უბანზე ხმა მისცა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მან ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას.

„ხმა მივეცი ჩვენი ქალაქის, ჩვენი ზუგდიდის განვითარებას და იმ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად გააკეთებენ ყველაფერს, რათა ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო კომფორტული, კიდევ უფრო წარმატებული, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი და ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ის განვითარების გზა, რომელსაც ახლა ადგას. ზუგდიდს სჭირდება გუნდი, ადამიანთა წრე, ჯგუფი, რომელიც შეძლებს მისი ინტერესების დაცვას და იმ დინამიკის შენარჩუნებას, რომელიც დღეს ზუგდიდში გვაქვს. ზუგდიდში მართლაც განახლების ეტაპი გვაქ და ეს განახლება უნდა გაგრძელდეს ზუგდიდში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, კვლავ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთათვის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი არის მხოლოდ პროვოკაცია და არეულობა.

„პროვოკაციებზე სამწუხარო რეალოობაა დღეს. კვლავაც არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთათვის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი არის მხოლოდ პროვოკაცია და არეულობა. ეს არის რეალობა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, ისინი ვერაფერს შეძლებენ. მათ შედეგი არ ექნებათ. ჩვენ ზუგდიდში გავაკეთებთ მშვიდ არჩევანს, არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და მშვიდ რეჟიმში, შესაბამისად, ყველა დაინახავს, რომ ზუგდიდში „ქართულ ოცნებას“ და მაჟორიტარ კანდიდატს აქვს უზარმაზარი მხარდაჭერა. ამასთან, მეორე ტურს არ ველოდები თუმცა მაქვს ღრმა რწმენა, რომ ზუგდიდელები მხარს დამიჭერენ, შევძლებთ ამ საარჩევნო რეჟიმის დასრულებას დღესვე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით პირველად იმართება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ოთხი წლის ვადით, შერეული სისტემით აირჩევს – 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით. 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან რვა ოლქი დედაქალაქშია, 22 – რეგიონების მასშტაბით.