ირაკლი ბერაია - წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით აგრესორი სახელმწიფოს უფლებამოსილების რატიფიცირებას
ირაკლი ბერაია - წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით აგრესორი სახელმწიფოს უფლებამოსილების რატიფიცირებას

მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით აგრესორი სახელმწიფოს უფლებამოსილების რატიფიცირებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებაზე მსჯელობდნენ.

როგორც ბერაიამ განაცხადა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას.

„საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა, მათ შორის გაერო-ს კონვენციისა და ჰელსინკის ფინალური აქტის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ასევე ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას ევროპულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო წესრიგზე. მოსკოვის აგრესიული ქმედებები საქართველოში, შემდეგ კი უკრაინაში აუცილებელს ხდის იმ გამოწვევების სწორად შეფასებას, რომლებიც რუსეთისგან მომდინარეობს ევროპის გადაუჭრელ კონფლიქტებში.

დღეს ასამბლეა ბჭობს იმ ქვეყნისთვის უფლებამოსილების დამტკიცებაზე, რომელიც არ სცემს პატივს და უგულებელყოფს მის გადაწყვეტილებებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებებს და სხვა საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. მეტიც, დღეს აქ წარმოდგენილ რუსეთის დელეგაციის კონკრეტულ წევრებსაც კი დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

ასამბლეის რეზოლუციების შესრულების სანცვლად, ჩვენ ვართ თვითმხილველები, თუ როგორ უარესდება მდგომარეობა რუსეთის მეირ დაზარალებულ ქვეყნებში“,- განაცხადა ბერაიამ.

​მისივე თქმით, რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა უსაფრთხოების მხრივ შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, ჰუმანიტარულ კრიზისზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში.

„რუსეთი უარს ამბობს ძალის არგამოყენებაზე, ჯარების გაყვანაზე და ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არალეგალურ აღიარების გაუქმებაზე და არის პასუხისმგებელი თითოეულ ნეგატიურ მოვლენაზე ადგილზე. საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებს არ აძლევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე წვდომას. ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ჩემს ქვეყანაში გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი და ოჯახების გაყოფა. ისინი მოკლებულნი არიან სასოფლო სამეურნეო მიწებზე, რელიგიურ ობიექტებსა და ჯანდაცვაზე წვდომას. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაკეტვა იწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფას. ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, მკვლელობები, წამება, ჩვენი მოქალაქეების ნებაყოფლობითი დაკავება, მათი საკუთრების, განათლებისა და მშობლიურ ენაზე საუბრის უფლების დარღვევა ყოველდღიურობად იქცა“,- აღნიშნა ბერაიამ.

​საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი გამოძიებას აფერხებს და დანაშაულის ჩამდენი პირები დაუსჯელები რჩებიან.

„ოკუპირებული ზონის გაფართოების მცდელობები უსაფრთხოებას ძირს უთხრის და ქმნის მასშტაბური ესკალაციის რისკს. რუსეთის სამხედროების ყოფნა და წვრთნები უქმნის საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონულ უსაფრთხოებას ემუქრება.

და დღეს, როდესაც ჩვენ უნდა ვეძებდეთ უფრო მეტად ეფექტიან და მკაცრ გზას, რათა ვაიძულოთ რუსეთი, დაემორჩილოს საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვბჭობთ რუსეთის უფლებამოსილების რატიფიცირებაზე და ამით ვაძლიერებთ დაუსჯელობის გრძნობას და მომავალში სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მეტი აგრესიული ქმედებების პროვოცირებას ვახდენთ. საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას მოჰყვა ყირიმის ანექსია. ვინ იქნება შემდეგი? ვიდრე რუსეთი უგულებელყოფს თავისუფალი დემოკრატიების ცივილიზებული თანამეგობრობის თამაშის წესებს, ამ სახლში რუსეთის ადგილი არ არის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა.