ირაკლი ბერაია - სუს-ის ანგარიშში კარგად არის აღწერილი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები, ასევე ღონისძიებები მათი პრევენციისა და ნეიტრალიზაციისთვის
ირაკლი ბერაია - სუს-ის ანგარიშში კარგად არის აღწერილი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები, ასევე ღონისძიებები მათი პრევენციისა და ნეიტრალიზაციისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ძალიან კარგად არის აღწერილი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები, ასევე ყველა ის ღონისძიება, რომლებსაც უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა მათი პრევენციისა და ნეიტრალიზაციის მიზნით, – ამის შესახებ ​საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის შეფასების განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიში უმაღლესი სტანდარტით არის მომზადებული.

„ანგარიშში არის ძალიან კარგად აღწერილი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები, ამ საფრთხეებისა და გამოწვევების სხვადასხვა გამოვლინებები და ყველა ის ღონისძიება, რომლებსაც უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა, პირველყოვლისა, ამ საფრთხეების პრევენციისა და ნეიტრალიზაციის მიზნით. საუბარია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ განხორციელებულ ნაბიჯებზე, ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე, ისევე, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური შესაძლებლობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საქართველოს პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავენ. მოსმენა სამი კომიტეტის – თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება.