ირაკლი ბერაია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველო დასავლელი პარტნიორებისთვის ყველაზე სანდო, საიმედო და პროგნოზირებად პარტნიორად იქცა
ირაკლი ბერაია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველო დასავლელი პარტნიორებისთვის ყველაზე სანდო, საიმედო და პროგნოზირებად პარტნიორად იქცა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაისას განცხადებით, კონგრესმენების მიერ მომზადებული დოკუმენტი საქართველოს შესახებ პოზიტიური და მხარდამჭერი ჩანაწერებით არის გაჯერებული.

მისივე თქმით, საქართველო მოხსენიებულია, როგორც აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირე, საუბარია მის მხარდაჭერასა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე.

„რაც შეეხება ერთ, აბსოლუტურად მცდარ და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ჩანაწერს, არავინ არის დაზღვეული შეცდომებისგან. შესაბამისად, ეს მცდარი ჩანაწერი, თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის ამ დოკუმენტში მითითებულ სხვა ჩანაწერებთან ისევე, როგორც მთლიანად ეწინააღმდეგება ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ბერაია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველო ამერიკელი და დასავლელი პარტნიორებისთვის, ასევე მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ყველაზე სანდო, საიმედო და პროგნოზირებად საერთაშორისო პარტნიორად იქცა.

„ეს ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, საერთაშორისო პარტნიორებმაც, ამაში ეჭვი არავის ეპარება. შესაბამისად, თუ ვინმეს კითხვის ნიშნები აქვს ამასთან დაკავშირებით, ვურჩევ, ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციით იხელმძღვანელოს“,- დასძინა ბერაიამ.

აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტს ხელს აწერს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი: რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი, ასევე, კონგრესმენები რობ უიტმანი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ ვო.