ირაკლი ბერაია - „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე კუბილიუსი აგრძელებს ქართული საზოგადოების გაოცებას რეალობას აცდენილი გამონათქვამებით
ირაკლი ბერაია - „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე კუბილიუსი აგრძელებს ქართული საზოგადოების გაოცებას რეალობას აცდენილი გამონათქვამებით

კუბილიუსს შევახსენებ, რომ მასზე ბევრად მაღალი რანგის, ბევრად ავტორიტეტული პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები აღიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოში პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას და ქართული ეკონომიკის მდგრადობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ირაკლი ბერაია გამოეხმაურა დავით გარეჯის საქმეზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის „ტვიტერის“ პოსტს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე კუბილიუსი აგრძელებს ქართული საზოგადოების გაოცებას რეალობას აცდენილი გამონათქვამებით. შემაშფოთებელია, როდესაც ის სასაცილოს უწოდებს საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა, იგივე რომ მის ქვეყანაში მომხდარიყო. კიდევ უფრო გაუგებარია მისი მხრიდან პანდემიის საწინააღმდეგო ნაბიჯებისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სრულიად უსაფუძვლო, მიკერძოებული შეფასება. კუბილიუსს შევახსენებ, რომ მასზე ბევრად მაღალი რანგის და ბევრად ავტორიტეტული პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აღიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ, ერთი მხრივ, საქართველოში პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას და მეორე მხრივ, ქართული ეკონომიკის მდგრადობას. შესაბამისად, ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.