ირაკლი ბერაია - არავინ აღიარებს მსოფლიოს გავლენის სფეროებად გადანაწილების მცდელობას, რისი სურვილიც რუსეთს აქვს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ მსოფლიო წესრიგი რუსულად დაუშვებელი და ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. ბერაიას თქმით, ალიანსის მოკავშირეები ნამდვილად არ აპირებენ რუსეთთან რაიმე სახის კომპრომისზე წასვლას ამ მიმართულებით.
„ნატო-ს გაფართოება ბუნებრივი პროცესია და ალიანსის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპია. ძალიან მკაფიოა, როგორც ალიანსის გენერალური მდივნის, ასევე ნატო-ს მოკავშირეების მკაფიო პოზიცია, რომ ალიანსში გაწევრიანება არის მხოლოდ ალიანსის და ასპირანტი სახელმწიფოს გადასაწყვეტი. ვერანაირი მესამე სახელმწიფო, მიუხედავად მისი პოლიტიკური აგრესიისა, სამხედრო თუ ეკონომიკური სიძლიერისა და ბირთვული არსენალის სიდიდისა, გავლენას ვერ მოახდენს ალიანსის გაფართოებაზე. ეს ძალიან მკაფიო პოზიციაა და ეს მიდგომა ჩვენს ევროატლანტიკურ მოკავშირეებში არ შეიცვლება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ამასთან, ბერაიამ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებაზე, რომ „არც ერთ ქვეყანას, რამდენად დიდი და ძლიერიც უნდა იყოს, არ აქვს უფლება, დაადგინოს საზღვრები, დააშინოს და აიძულოს პატარა ქვეყნები“.
„ეს არის ის პოზიცია, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან. არავინ არ აღიარებს მსოფლიოს გავლენის სფეროებად გადანაწილების მცდელობას, რომლის დიდი სურვილიც რუსეთის ფედერაციას აქვს. საერთაშორისო საზოგადოების და განსაკუთრებით ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკაფიო და ცალსახაა და არანაირ სხვა დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.