ირაკლი ბერაია - ანგარიში „ნატო-რუსეთის ურთიერთობები“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის ​
ირაკლი ბერაია - ანგარიში „ნატო-რუსეთის ურთიერთობები“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის ​

დღეს დამტკიცდა კიდევ ერთი დოკუმენტი „ნატო-რუსეთის ურთიერთობები“, სადაც განსაკუთებული ადგილი ეთმობა საქართველოს, კერძოდ, რუსეთის აგრესიას მისი მეზობლების წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ჰიბრიდულ საფრთხეებს, – ამის შესახებ ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ბერაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„დოკუმენტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის და რომ საქართველო არის უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელი ევროატლანტიკურ სივრცეში. დოკუმენტი ასევე ძალიან მნიშვნელოვან ადგილს უთმობს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეაჩეროს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ანექსიური პროცესები, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია და უკან გამოიწვიოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, პოლიტიკის კომიტეტმა დღეს კენჭი უყარა კიდევ ერთ ანგარიშს, რომელიც ნატო-რუსეთის ურთიერთობებს ეხება და მასში საქართველოზე არის საუბარი. ანგარიშის ავტორია ხორვატი მომხსენებელი მირო კოვაჩი.