მირო კოვაჩი - მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც რუსეთი შეიცვლის კურსს და აღიარებს საზღვრებს, რომელიც არსებობს რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინას შორის
მირო კოვაჩი - მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც რუსეთი შეიცვლის კურსს და აღიარებს საზღვრებს, რომელიც არსებობს რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინას შორის

მოუთმენლად ველოდებით იმ დღეს, როდესაც რუსეთი შეიცვლის კურსს და ბოლოს და ბოლოს აღიარებს საზღვრებს, რომელიც არსებობს რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინას შორის, – ამის შესახებ ხორვატმა მომხსენებელმა, მირო კოვაჩმა განაცხადა, რომელმაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, პოლიტიკის კომიტეტზე წარადგინა ანგარიში „ნატო-რუსეთის ურთიერთობები“.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული სიტუაციის აღნიშვნა. იქ არის საოკუპაციო ხაზი. ზოგჯერ ადამიანებს ეშლებათ, როდესაც ამბობენ საზღვარს საოკუპაციო ხაზზე. ძალიან მნიშვნელოვანია ხორვატიისთვის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნისთვის და ასევე ჩემთვის, რომ იყოს იმ საზოგადოების წევრი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო წესრიგი, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, ეს კი მიგვითითებს, რომ პატივი ვცეთ არსებულ საზღვრებს, რომელსაც ვაღიარებთ, რუსეთსა და საქართველოს შორის, საქართველოსა და უკრაინას შორის. მოუთმენლად ველოდებით იმ დღეს, როდესაც რუსეთი შეიცვლის კურსს და ბოლოს და ბოლოს აღიარებს საზღვრებს, რომელიც არსებობს რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეალობის აღიარება, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლით, რომელიც ემყარება კანონის უზენაესობას“,- განაცხადა ხორვატმა მომსხენებელმა.

მირო კოვაჩის განცხადებით, თუკი ქვეყანას სურს ნატო-ს წევრობა, ამ გადაწყვეტილებაში მესამე ქვეყანა ვერ ჩაერევა. მისივე თქმით, საქართველომ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა უნდა გააგრძელოს

„ღია კარის პოლიტიკა აქვს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ეს ნიშნავს, რომ იმ ქვეყანას, რომელსაც სურს წევრობა, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ნატო-ს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ საბოლოო სიტყვის თქმა, ეს წევრობა მათთვის მისაღებია თუ არა. ამ გადაწყვეტილებაში მესამე ქვეყანა ვერ ჩაერევა. ველით იმასაც, რომ რუსეთი მიიღებს რეალობას, რომ ქვეყნებს სურთ ალიანსში გაწევრიანება. ნატო-მ უნდა გადაწყვიტოს, მისაღებია თუ არა მისთვის საქართველოს წევრობა. რაც უნდა გააკეთოს საქართველომ, ეს არის რომ გააგრძელოს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა, კიდევ უფრო ეფექტურად და ყველას ერთად რაც გვჭირდება, ეს არის თანმიმდევრულობა და მოთმინება“,- განაცხადა კოვაჩმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, პოლიტიკის კომიტეტმა დღეს კენჭი უყარა კიდევ ერთ ანგარიშს, რომელიც ნატო-რუსეთის ურთიერთობებს ეხება და მასში საქართველოზე არის საუბარი.