ირაკლი ანთაძე - მხოლოდ ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგებს საკუთარი პოლიციის პოსტებს
ირაკლი ანთაძე - მხოლოდ ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგებს საკუთარი პოლიციის პოსტებს

ყოველგვარი ბრალდება უსაფუძვლოა, მხოლოდ ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგებს საკუთარი პოლიციის პოსტებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ერგნეთში განუცხადა, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა ჩაიშალა.

მისი თქმით, სოფელ ჩორჩანას საგუშაგო სტანდარტული საპოლიციო პოსტია, პირადი შემადგენლობითა და აღჭურვილობით, რომელიც მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„ჩვენ ცალსახად დავაფიქსირეთ პოზიცია, აღნიშნული საგუშაგო მდებარეობს ცალსახად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასე იყო ყოველთვის და ასე არის ახლაც. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ულტიმატუმი, სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, შეიცავს ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, – აღნიშნა სუს-ის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული სტანდარტული პოსტის მიზანია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა.

ამასთან, ირაკლი ანთაძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასა და ფოტოს გამოეხმაურა ხაშურის რაიონში საოკუპაციო ძალების ტექნიკის გადაადგილებაზე და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ხაშურის ქუჩებში ტექნიკა არ დადის“, – აღნიშნა ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

აღნიშნული საკითხი დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე უნდა განეხილათ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძის განცხადებით, ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაშალეს.

სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა.