ირაკლი ანთაძე - ცხელი ხაზის არაერთხელ გააქტიურების მიუხედავად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს პასუხი არ დაუბრუნებიათ და არ დაუდასტურებიათ გატაცების ფაქტი
ირაკლი ანთაძე - ცხელი ხაზის არაერთხელ გააქტიურების მიუხედავად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს პასუხი არ დაუბრუნებიათ და არ დაუდასტურებიათ გატაცების ფაქტი

ცხელი ხაზის არაერთხელ გააქტიურების მიუხედავად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს პასუხი არ დაუბრუნებიათ და არ დაუდასტურებიათ გატაცების ფაქტი, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძე​მ, რომელიც სოფელ მეჯვრისხევში იმყოფება.

ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ფაქტობრივად, დაკავებულების ადგილსამყოფელი ამ დროისთვის, უცნობია.

„აღნიშნულ უკანონო დაკავებას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 19:00 საათზე და ამ დროიდან, ცხელი ხაზი იქნა გააქტიურებული რამდენჯერმე, არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე. ჩვენ ვითხოვდით აღნიშნული პიროვნებების სტატუსის დადასტურებას, დაკავებულნი არიან თუ არა ისინი რეალურად. ამ მომენტამდე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს პასუხი ცხელი ხაზით არ დაუბრუნებიათ და არ დაუდასტურებიათ აღნიშნული ფაქტი.

რაც შეეხება მათ ადგილსამყოფელს, ეს ნათელი გახდება მას შემდეგ, რაც ცხელი ხაზი გააქტიურდება საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან და მოგვაწვდიან დეტალურ ინფორმაციას უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელისა და მათი საერთო მდგომარეობის შესახებ.

19:00 საათიდან ამ დრომდე რამდენჯერმე გავააქტიურეთ ცხელი ხაზი და პასუხი არ დაგვიბრუნეს, უფრო სწორად, მათი პასუხი იყო ის, რომ დეტალები დგინდება. რეალურად, პასუხი ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქვს.

ფაქტობრივად, მათი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის, უცნობია“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

საოკუპაციო ძალების მიერ ახალუბნის მცხოვრებლების გატაცების გამო, ადგილზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე ჩავიდნენ, სადაც საქმის დეტალებს ეცნობიან.