ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი
ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესი არ იყო მარტივი. ამის შესახებ ანთაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში, ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი, აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნა დაყენებული ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. სწორედ ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდა მისი გათავისუფლება. ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც განახორციელეს ძალიან აქტიური ძალისხმევა, ბატონი ვაჟა დღეს თავისუფალია და იმყოფება ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

დეტალებზე უმჯობესია, ვისაუბროთ მოგვიანებით, როდესაც ჩვენ დავასრულებთ საუბარს თავად ბატონ ვაჟასთან. მთავარი არის ის, რომ ბატონი ვაჟა თავისუფალია“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი.

„მცირე დროით გვქონდა საშუალება, რომ მას გავსაუბრებოდით და მან დაგვიდასტურა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მას კარგი აქვს. ზოგადად, პროცესი იყო ურთულესი. უკანონოდ დაკავება არის აღმაშფოთებელი და ეს არის ოკუპაციის თანამდევი პროცესი, როგორც მოგახსენეთ, იყო ძალიან რთული“, – აცხადებს ირაკლი ანთაძე.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.