ირაკლი აბესაძე - „ქართული ოცნების” სამთავრობო გუნდი არსობრივად განახლებული არ არის
ირაკლი აბესაძე - „ქართული ოცნების” სამთავრობო გუნდი არსობრივად განახლებული არ არის

„ქართული ოცნების” სამთავრობო გუნდი, რომელმაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური პრობლემები შექმნა, არსობრივად განახლებული არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მისი თქმით, სწორედ ეს ადამიანები არიან პასუხისმგებელი სიღარიბის ზრდაზე, უმუშევრობის პრობლემაზე, ლარის გაუფასურებასა და კრიმინალის ზრდაზე, რომელიც ქვეყნის თითოეულ მოსახლეს აწუხებს.

„რაც შეეხება მცირე მთავრობას და მთავრობის რესტრუქტურიზაციას, ეს ფასადური ცვლილება ერთხელ უკვე ვნახეთ. ფაქტობრივად, საზოგადოებისთვის ნათქვამი ტყუილი წინა სამთავრობო გუნდისგან უკვე მოვისმინეთ. სამინისტროების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ბიუროკრატიის რაოდენობა და ის ასეულობით მილიონი ლარი არ შემცირდა, რომელიც ბიუროკრატიის მომსახურებაზე იფლანგება. ახლაც, სამწუხაროდ, მოლოდინი გვაქვს, რომ ცვლილებები ფასადური იქნება და საზოგადოება მოტყუებული დარჩება. სამწუხაროდ, ბიუროკრატიის შემცირებას აზრი ერთადერთ შემთხვევაში აქვს, თუ კი ის ასეულობით მილიონი ლარი მცირდება, რომელიც ამ ბიუროკრატიაზე უმიზნოდ იფლანგება. ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისი თქმით, ძალოვანი უწყებების მიმართულებით ქვეყანას სერიოზული პრობლემა აქვს. აბესაძე თეა წულუკიანის მიერ იუსტიციის სამინისტროში გატარებულ რეფორმებს უშედეგო და ფასადური უწოდა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, რეფორმების შემდეგაც კი სასამართლო „ქართული ოცნების“ გუნდზე უაღრესად პოლიტიკურად დამოკიდებული რჩება.

„სასამართლოში პროფესიონალიზმის პრობლემა და კორუფციის ნიშნებია. რა თქმა უნდა, პრობლემაა პროკურატურის სისტემაში და ქალბატონი წულუკიანი ახლაც ცდილობს უკვე მერამდენე პროკურორი შეარჩიოს და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველა წინა პროკურორი წარუმატებელი იყო და თანამდებობებიდან წასვლა სკანდალებით უწევდა“, – განაცხადა აბესაძემ.

მისი თქმით, პრობლემებია კრიმინალის ზრდის მიმართულებით, რაზეც პირდაპირ არის პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების უმძიმესი პრობლემა, რომელიც პირდაპირ ბატონი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. საკითხის არაობიექტურმა და არასრულმა გამოძიებამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭირო გახადა და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ბევრი კითხვის ნიშანია. ასე რომ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების მიმართ სერიოზული შეკითხვები და შენიშვნებია. ეს ადამიანები მთავრობაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემას ნამდვილად არ იმსახურებენ“, – განაცხადა აბესაძემ.

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.