იორდანიის საზღვართან მყოფ სირიელ ლტოლვილებს ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანეს
იორდანიის საზღვართან მყოფ სირიელ ლტოლვილებს 9-თვიანი ლოდინის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანეს.
ერ-რუკბანის ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები 50 ათასი პირი გაერო-სა და წითელი ჯვრის ერთობლივი ძალისხმევით საკვებს და სამედიცინო მედიკამენტებს მიიღებს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას ოთხი დღე დასჭირდება.
ამასთან, გაერო-ს წარმომადგენლები უახლოეს დღეებში ბანაკში მცხოვრებ მცირეწლოვნებს პოლიომიელიტის, წითელასა და სხვა მომაკვდინებელი დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინას გაუკეთებენ.
იორდანიისა და სირიის საზღვარზე არსებულ ბანაკში 50 ათასი სირიელი ლტოლვილი სამი წლის წინ დასახლდა. ისინი მშობლიური სახლებიდან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ძალადობას გაექცნენ. მათი სახლების მიმდებარე ტერიტორია საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის, რუსეთის და სირიის რეჟიმის მხრიდან სისტემატური საჰაერო თავდასხმების ობიექტი ხდებოდა.
ერ-რუკბანის ლტოლვილთა ბანაკში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რთული ვითარებაა. ბანაკის მობინადრეებმა ჰუმანიტარული დახმარება ბოლოს 2018 წლის იანვარში მიიღეს. ბოლო დღეებში საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტის გამო, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
ერ-რუკბანის ბანაკში 50 ათასი ლტოლვილი ცხოვრობს. მათგან 18 ათასი ბავშვია. ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობით, ბანაკში მცხოვრები მცირეწლოვნების ნახევარზე მეტი სერიოზული დაავადებების რისკის წინაშე იმყოფება.
სირიაში 2011 წელს დაწყებულ სამოქალაქო ომს, ნახევარი მილიონი ადამიანი შეეწირა. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ხუთმა მილიონმა სირიელმა კი, სამშობლო დატოვა. ისინი თავს ძირითადად, თურქეთსა და ევროპას აფარებენ.