იორდანიის პირველი დიპლომატი - აშშ-ის ინიციატივა „ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიული ალიანსი“ განხილვის ადრეული ეტაპის იდეაა
აშშ-ის ინიციატივა „ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიული ალიანსი“ განხილვის ადრეული ეტაპის იდეაა, – ამის შესახებ იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადმა განაცხადა.
აიმან საფადის თქმით, შექმნის შემთხვევაში, ალიანსის მიზანი რეგიონის კრიზისების დარეგულირება იქნება.
„საბოლოო ფორმატამდე აუცილებელია ბევრი დისკუსია. იორდანიას ყოველთვის სჯერა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი რეგიონის კრიზისებს გავლენა აქვთ არამხოლოდ რეგიონზე, არამედ მსოფლიოზეც და ნებისმიერი კოლექტიური ძალისხმევა მათი გადაწყვეტის შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა იორდანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიული ალიანსის“ შექმნაზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბაჰრეინის, ეგვიპტის, იორდანიის, კუვეიტის, ომანის, ყატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართა შეხვედრა.