იორდანიის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში ჟანგბადის მიწოდების შეფერხების მიზეზით შვიდი პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
იორდანიაში, ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში ჟანგბადის მიწოდების შეფერხების გამო შვიდი პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „როიტერის“ ცნობით, სამედიცინო დაწესებულებასთან შეკრებილი გარდაცვლილთა ასობით ნათესავის შესაკავებლად პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო.
შემთხვევა დედაქალაქ ამანში, ახალ სახელმწიფო ჰოსპიტალში მოხდა. ჯერ უცნობია, რა გახდა კლინიკის ინტენსიური თერაპიის, სამშობიარო და კოვიდპაცენტებისთვის განკუთვნილ განყოფილებებში ჟანგბადის მიწოდების შეფერხების მიზეზი. აღსანიშნავია, რომ საავადმყოფო გასული წლის აგვისტოში გაიხსნა და მასზე მილიონობით დოლარი დაიხარჯა.
იორდანიის პრემიერ-მინისტრმა, ბიშერ ალ ხასვანემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ნათირ ობეიდათი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. პრემიერმა საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.
„ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც გაუმართლებელი და მიუღებელია“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა და აღნიშნა, რომ გამოძიების შედეგებს ელოდება.