ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებით, მათი სამიზნე ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე განთავსებული ამერიკული საჰაერო თავდაცვის რადარის ობიექტი იყო. ბაჰრეინის სხვადასხვა ნაწილში საჰაერო განგაშის სიგნალი ამოქმედდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, უახლოეს უსაფრთხო ადგილას გადასულიყვნენ. შემდეგ, ბაჰრეინის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანული დრონები მიზნის მიღწევამდე აღმოაჩინეს და გაანადგურეს.
ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის თავდასხმები მკაცრად დაგმო და თეირანს მათ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრა. ეს ირანის მიერ ბაჰრეინზე ბოლო სამი დღის განმავლობაში განხორციელებული მეორე თავდასხმაა.
ცნობისთვის, ირანსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება გრძელდება. ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი მას უნდა ეკუთვნოდეს და თავს ესხმის გემებს, რომლებსაც „არაავტორიზებულად“ მიიჩნევს. თავის მხრივ, აშშ-ის სამხედრო ძალები სრუტეში ნავთობის ტანკერების გადაადგილებას იცავენ.