იოჰანეს ჰანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ერთობლივი განცხადების ნაცვლად, ფედერიკა მოგერინის დასკვნის გამოქვეყნებაში პრობლემას ვერ ხედავს
იოჰანეს ჰანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ერთობლივი განცხადების ნაცვლად, ფედერიკა მოგერინის დასკვნის გამოქვეყნებაში პრობლემას ვერ ხედავს

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემაჯამებელი ერთობლივი განცხადების ნაცვლად, მინისტერიალის თავმჯდომარის, ფედერიკა მოგერინის დასკვნის გამოქვეყნებაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ ჰანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„შესაძლოა, მიზეზი ის არის, რომ მე არ ვარ დიპლომატი და სათანადოდ არ ვაფასებ განცხადებებსა და დეკლარაციებს. შეადარეთ ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ განცხადებების შეთანხმებასა და რეალურ მიღწევებში. ჩემი ნება რომ იყოს, უპირატესობას მიღწევებს მივანიჭებდი“, – აღნიშნა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა.

იოჰანეს ჰანმა ასევე ურჩია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ლიდერებს, დატკბნენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაარსების 10 წლისთავით და იზეიმონ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის დასრულების შემდეგ დაგეგმილი იყო შემაჯამებელი ერთობლივი განცხადების მიღება, თუმცა მონაწილეები განცხადების ფორმულირებაზე ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე მინისტერიალის თავმჯდომარის რვაპუნქტიანი დასკვნა გამოქვეყნდა.