„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის თავმჯდომარის განცხადება - დადებითი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ერთობლივი მუშაობა გავაგრძელოთ
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის თავმჯდომარის განცხადება - დადებითი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ერთობლივი მუშაობა გავაგრძელოთ

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ, მინისტერიალის თავმჯდომარის, ფედერიკა მოგერინის სახელით დასკვნითი განცხადება გამოქვეყნდა. დოკუმენტი რვა პუნქტისგან შედგება. მასში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობა და საუბარია პროგრამის გაგრძელების შესახებ.

„13 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამართეს შეხვედრა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს პროგრამის მნიშვნელობა, ხაზი გაუსვეს მის წარმატებას და მიღწევებს, ასევე იმსჯელეს სტრატეგიული და ამბიციური პარტნიორობის გაგრძელებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ დაფუძნებულია საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომელის დაცვის ვალდებულებაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის არაერთ დეკლარაციაშია გაწერილი.

„ოთხი წლის განმავლობაში „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ დაამტკიცა, რომ ის არის ეფექტური, მოქნილი და დინამიური სტრუქტურა. მისი დამსახურებით მოხდა ახალ გამოწვევებთან ადაპტაცია, მათ შორის სტაბილურობის და მდგრადობის უზრუნველყოფა და საბოლოო ჯამში, ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობები განამტკიცა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის სფეროები გაფართოვდა, რამაც „მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა მოქალაქეებს და დააჩქარა პოლიტიკური ასოცირება, ეკონომიკური ინტეგრაცია და გააუმჯობესა პრაქტიკული თანამშრომლობა“.

„ამ პარტნიორობას სარგებელი ყველა ჩვენგანისთვის მოაქვს. მისი დაფუძნებიდან 10 წლის შემდეგ დამტკიცდა, რომ ეს პარტნიორობა წარმატებულია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს დადებითი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ერთობლივი მუშაობა გავაგრძელოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი საზოგადოებები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ გაძლიერებული კეთილდღეობისგან, დემოკრატიისგან, სტაბილურობისგან და უსაფრთხოებისგან, რომელიც ამ პარტნიორობას მოაქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება და „ერთობლივი ვალდებულებების შესრულება მომდევნო 10 წლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს“.

„ჩვენ უნდა განვაგრძოთ სტრუქტურული განხილვა და მონაწილეობა მივიღოთ ფართო და ინკლუზიური კონსულტაციების პროცესში, რომელიც ჩვენი მომავალი თანამშრომლობის დღის წესრიგს განსაზღვრავს, რაც ასევე ითვალისწინებს შემდეგი სამიტისთვის დროულ და შინაარსიან მომზადებას“, – ნათქვამია განცხადებაში.