ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ
ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონპროექტის სამუშაო ვერსიას მთავრობა უახლოეს სხდომაზე განიხილავს, რის შემდეგაც ის საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.

ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომის შემდეგ განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, იმედი აქვს, პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს.

„ეს არის საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებს ბიზნესს და ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიურად მუშაობა. კონკრეტულად, პრემიერის დავალებით, მთავრობის უახლოეს სხდომაზე აიტვირთება ამ კანონპროექტის სამუშაო ვერსია მთავრობაზე განსახილველად და შემდგომ გადაეგზავნება პარლამენტს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო საქმიანობის შესაბამისად, საგაზაფხულო სესიაზე დავასრულებთ ამ კანონპროექტზე მუშაობას და მივიღებთ“ ,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც წლების განმავლობაში ბიზნესისთვის პრიორიტეტული იყო.

ლილუაშვილმა ორი საკითხი გამოყო, რომელიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის ძირითადი მახასიათებელი იქნება.

„პირველი – აღსრულების ბიურო აღარ სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში და ფინანსთა სამინისტროს უპირატესობა ბიზნესის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში არის დათმობილი“ ,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, ლილუაშვილი ამბობს, რომ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი მთავრობას განსახილველად შემდეგ კი პარლამენტში გადასაგზავნად ერთ კვირაში წარედგინება.

„მეორე – კონკრეტული შედეგი, რაც მოყვა ამ შეხვედრას არის საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი და ზოგადად კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულება. საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი უკვე ერთ კვირაში ასევე წარედგინება მთავრობის სხდომას განსახილველად და შემდგომ პარლამენტში წარსადგენად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები, რომლებიც საინვესტიციო ფონდებისთვის მნიშვნელოვნად განსხავებული იქნება და ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მათ შორის საინვესტაციო ფონდების კუთხით“ ,- აღნიშნა  ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებაც.

„პირველი შეიქმნება ენერგეტიკის რეფორმის ფარგლებში, სადაც ჩაერთვება ინვესტორთა საბჭოს სამდივნო და მოახდენს პროცესში ბიზნესისა და ბიზნესის წარმომადგენელთა აზრის დაცვას, პოზიციონირებას. ასევე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის საქართველოს საინვესტიციო მიზიდულობის ზრდა. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც დღეს იყო საუბარი ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე. ასევე, ბიზნესის მხრიდან ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის მაგალითად, ჯიემპის სტანდარტიზაციის საკითხი, შრომის ინსპექციის და შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები“ ,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ბექა ლილუაშვილის განმარტებით, ბიზნესის პოზიციაა, რეგულაციების მიღება მათი ფართო ჩართულობით მოხდეს.

„ბუნებრივია, ინვესტორთა საბჭოს, როგორც პლატფორმის როლი არის გადამწყვეტი, სწორედ ამიტომ, გადაწყდა, რომ შეძლებისდაგვარად ხშირად ჩატარდეს ინვესტორთა საბჭოს სხდომა. ინვესტორთა საბჭოზე გამოითქვა მრავალი მოსაზრება, მათ შორის შრომის ინსპექციის არსებულ მანდატთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს საკითხი არის განხილვის საგანი, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისით მიღებული არ არის და ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხის განხილვას“ ,- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა.