ინტერვიუ | თორნიკე შენგელია - ცსკა-ში გადასვლით მომეცა საშუალება შუა სეზონზე დავეხმარო საქართველოს ნაკრებს [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში მეორე სეზონს ატარებს. გამოცემა Sports.ru-მ საქართველოს ნაკრების კაპიტანს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა.

ავტორი ვალერი გურტოვოი გახლავთ.

 

მოსკოვში გადასვლა

– გასული სეზონის შემდეგ როგორი შეგრძნება დაგრჩათ?

– ემოცია სხვადასხვაგვარი იყო. კარგია, რომ სერიოზული ტრავმების გარეშე დავამთავრეთ. თუმცა მთავარი ამოცანა, ევროლიგაზე გამარჯვება ვერ შევასრულეთ.

– ცსკა-ში გადასვლა აქამდე რამდენჯერმე შეგეძლოთ. ბოლოსდაბოლოს რამ გადაგაწყვეტინათ ამ ნაბიჯის გადადგმა?

– ცსკა ევროლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, თუ საუკეთესო არა. როდესაც ასეთ გუნდში თამაშის შესაძლებლობა გეძლევა, ძნელია თქვა – არა. სამი-ოთხჯერ დაიწყო მოლაპარაკება ჩემსა და ცსკა-ს შორის, თუმცა საბოლოოდ 2020 წელს გადავედი. გარდა იმისა, რომ გუნდი უმაღლესი დონისაა, ძალიან ძლიერი მწვრთნელთა შტაბია, და მთავარი – ცსკა-ში გადასვლით მომეცა საშუალება დავეხმარო საქართველოს ნაკრებს (ფიბა-სა და ევროლიგას შორის არსებული უთანხმოების გამო შუა სეზონში ევროლიგის კლუბები მოთამაშეებს ნაკრებებში არ უშვებენ – ავტ).

– ნაკრებში თამაშის უფლების მიღება რთული იყო?

– როდესაც მაქვს საშუალება, მადლობას ვუხდი ჩვენს პრეზიდენტ ანდრეი ვატუტინს. მან ნაბიჯი გადმოდგა, მითხრა, რომ კარგად ესმის ჩემი მდგომარეობა, როგორ მინდა ეროვნულ ნაკრებში თამაში. ეს დასაფასებელია.

– მოსკოვში თავს კომფორტულად გრძნობთ?

– დიახ.

– თქვენი ცსკა-ში გადასვლა საქართველოს პრეზიდენტმაც გააკრიტიკა. ეს თამაშზე ხომ არ ასახულა?

– ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ უმოქმედია. თუ პრეზიდენტი ასე ფიქრობს, მე ვერაფერს ვიზამ. ვცდილობ კონცენტრირება მოვახდინო დეტალებზე, რისი გაკონტროლებაც შემიძლია.

 

მოთამაშეთა კავშირის ხელმძღვანელი

– ამ ზაფხულს ევროლიგის მოთამაშეთა კავშირის ხელმძღვანელად აგირჩიეს. ლიგაში არის რამე შესაცველი?

– კონკრეტული პუნქტების ჩამოთვლას არ მოვუყვები. მთავარი ამოცანა – მომავალზე ზრუნვაა. ლიგას უნდა ჰქონდეს უმაღლესი სტანდარტები, იყოს პროფესიონალური და ყურადღება მიაქციოს მომავალ თაობას.

– ხომ არ მიგაჩნიათ, რომ მატჩები ზედმეტად ბევრია.

– ჩვენ მოთამაშეები ვართ.  ნებისმიერ კალათბურთელს სურს მეტი ითამაშოს. ადრე ევროლიგის ტოპ-16-ში თუ ვერ მოხვდებოდი, მომავალ სეზონამდე თამაში აღარ გიწევდა. ასე რომ, ცოტას მეტი თამაში სჯობს.

 

როლი ცსკა-ში

– რა სხვაობაა თქვენს თამაშში „ბასკონიასა“ და ცსკა-ში?

– როლები განსხვავებულია. „ბასკონიაში“ მთელი შეტევა ჩემზე იყო აგებული, სისტემა ჩემს გარშემო ეწყობოდა. აქ ვარსკვლავური კალათბურთელები საკმარისადაა, რომლებმაც ჩემს მოსვლამდეც გამოავლინეს თავი. დიდი პაზლის პატარა ნაწილი ვარ. გასულ სეზონში მოსარგებად გარკვეული დრო დამჭირდა. იმედი მაქვს, ამ სეზონში ძალიან მალე დავლაგდებით.

– რთული იყო ცსკა-სთან მორგება?

– იმაზე რთული, ვიდრე ველოდი.

– რატომ?

– 6 წლის განმავლობაში ერთ გუნდში, ერთ ატმოსფეროში რომ ხარ, ყველაფერს ეჩვევი. მოულოდნელად ეს იცვლება…

– ტყორცნების სიზუსტემ საგრძნობლად იკლო. რით ახსნით?

– ვფიქრობ, ფსიქოლოგიური მომენტია. ჩემმა მდგომარეობამ სროლის სიზუსტზეც იქონია გავლენა. ვიმედოვნებ, ამ სეზონში ესეც გამოსწორდება.

– სეზონებს შორის გარკვეული ელემენტების დახვეწას დროს თუ უთმობთ?

– ამ ზახულს ტყორცნაზე ვიმუშავე. როდესაც ბურთს ვაგდებ, სხვა კალათბურთელად ვიქცევი, გუნდისთვის მეტი დახმარება შემიძლია. მხედველობაში მაქვს როგორც სამქულიანი, ასევე საჯარიმო სროლები. ვნახოთ, ჩემი მუშაობა როგორ აისახება თამაშებზე. მთავარია სტაბილურობა და საკუთარი თავის რწმენა.

– ნიკოლა მილუტინოვის გვერდით თავს როგორ გრძნობთ?

– კომფორტულად. როცა მოედანზე ერთდროულად ვართ, მეტოქეებს ფარქვეშ დიდი ყურადღება ჩვენზე გადმოაქვთ.

– ერთმანეთს ხელს არ უშლით?

– გასაგებია, ამას რატომ მეკითხებით. თუ ჩემი სამქულიანები ამოქმედდება, ნიკოს ფარქვეშ თამასი გაუიოლდება. თუმცა მასაც შეუძლია პერიმეტრიდან ტყორცნა.

– გასულ სეზონში დაბალი ხუთეულის შემთხვევაში ცენტრად გიწევდათ თამაში. მოგწონთ?

– ეს როლი ჩემთვის მისაღებია. ფიზიკურად ხომ არც ერთ ევროპელ ცენტს არ ჩამოვუვარდები. გავაკეთებ ყველაფერს, რაც გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება.

 

მაიკ ჯეიმსი

– გუნდის ლიდერი ბრძანდებით. თქვენს თვალწინ განვითარდა ისტორია, რომლის შემდეგაც მაიკ ჯეიმსმა ცსკა დატოვა. მას გუნდი როგორ უყურებდა?

– რთული იყო. თუმცა ზრდასრულბი, პროფესიონალები ვართ და უნდა ვეძებოთ სიტუაციიდან გამოსავალი. ვფიქრობ, თითოეული კალათბურთელისა და მთლიანად შემადგენლობის რეაქცია კარგი იყო იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო.

– მწვრთნელ იტუდისთან თამაში ძნელია?

– ზოგისთვის რთულია, ზოგისთვის – არა. როდესაც გესმით, რას ითხოვს მწვრთნელი თქვენგან, საქმე იოლდება. ის ხალხისგან ბევრს ითხოვს, მაგრამ ამას იმიტომ აკეთებს, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ვიქცეთ. ეს მოტივაციას გვმატებს.

 

ევროლიგის ოთხთა ფინალი

– როგორი ემოციით იხსენებთ გასული წლის ოთხთა ფინალს?

– საუკეთესო ემოციებით ვერა, რადგან ფინალში ვერ გავედით. ვცდილობ კონცენტრირება დადებით მომენტებზე გავამახვილო – ვითამაშეთ საუკეთესო ოთხ გუნდს შორის, გავასწარით ბევრ კარგ კლუბს. იმედგაცრუება უნდა დაგვეხმაროს, რეალობის გააზრებაში და მომავალ სეზონში ერთი-ორად უკეთესები ვიყოთ.

– იყო მომენტი სტამბოლში 30 ქულის სხვაობით წააგეთ. იყო იმ მომენტში კრიზისის შეგრძნება?

– უარყოფით დეტლებზე ხართ კონცენტრირებული. მე დადებითზე გეტყვით – მახსენდება, როგორ მოვიგეთ ევროლიგაზე ზედიზედ 12 მატჩი. სეზონი გრძელია, რთულია უმაღლეს დონეზე ყოველ მატჩში დარჩენა. ეფექტური შეხვედრებიც გექნება და ჩავარდნებიც. შეიძლება იყოს არასასურველი შედეგი, მაგრამ სწორედ ამ დროს გრძნობ და ხვდები, რა არის შენი პლუსი.

დატოვე კომენტარი