ინტერპოლის გაუჩინარებული პრეზიდენტის ოჯახს საფრანგეთში დაცვა დაუნიშნეს
საფრანგეთის ხელისუფლებამ ინტერპოლის გაუჩინარებული პრეზიდენტის მენ ჰუნვეის ოჯახს უსაფრთხოების მიზნით დაცვა დაუნიშნა. მენ ჰუნვეის მეუღლემ სამართალდამცველებს ოჯახის მისამართით გაკეთებული მუქარის შემცველი გზავნილების შესახებ აცნობა. ამ ინფორმაციას რადიოსადგური „ევროპა 1“ ავრცელებს.
ინტერპოლის პრეზიდენტი 29 სექტემბერს ჩინეთში გამგზავრების შემდეგ გაუჩინარდა. ის ოჯახთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. საეჭვო გარემოების შესახებ ფრანგ სამართალდამცველებს მისმა მეუღლემ აცნობა.
საფრანგეთის პოლიციამ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. მოგვიანებით, ჩინურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მენ ჰუნვეის წინააღმდეგ ჩინეთში გამოძიება მიმდინარეობს. ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა აღნიშნულ ცნობას ოფიციალური პეკინი არ გამოხმაურებია.