იტალიის თასის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპი დაიწყო. ბარიერის გადალახვა სერია A-ს ლიდერს მილანის “ინტერს” ძალიან გაუჭირდა.
გუნდი საკუთარ მოედანზე მესამე დივიზიონის ბინადარ “პორდენონეს” ეთამაშებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები გადახალისებული შემადგენლობით იყვნენ მოედანზე, “ინტერისგან” ყველა იოლ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ “პორდენონემ” გაძლო 120 წუთი და 0:0-ის შემდეგ, საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, რომელიც 4:5 წააგო.
გადამწყვეტი პენალტი “ინტერის” მხრიდან იაპონელმა მცველმა იუტო ნაგატომომ გაიტანა.
დღეს, იტალიის თასზე კიდევ ორი მერვედფინალი გაიმართება: ფიორენტინა-სამპდორია და მილანი-ვერონა. სწორედ ამ წყვილში მოგებულს შეხვდება 1/4 ფინალში “ინტერი”.