„ინტერის“ აკადემიის ტექნიკური დირექტორი - საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება #1TVSPORT
„ინტერის“ აკადემიის ტექნიკური დირექტორი - საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება #1TVSPORT

მილანის „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტთან, ხავიერ ძანეტისთან ერთად საქართველოს იტალიური კლუბის საფეხბურთო აკადემიის ტექნიკური დირექტორი მარკო მონტი ესტუმრა და „ინტერის აკადემია საქართველო“-სთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ჩვენმა ვიცე-პრეზიდენტმა და მსოფლიოში „ინტერის“ ელჩმა საქართველოსთან თანამშრომლობაზე უკვე ისაუბრა. მე კი მსურს დათოსა (კერესელიძეს) და ანას (წერეთელს) გადავუხადო მადლობა, ისევე როგორც „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს“.

ეს თანამშრომლობა კარგად დაიწყო და ვხედავთ, რომ კიდევ უფრო მეტი განვითარების პერსპექტივა არსებობს. ამიტომ მზად ვართ, პარტნიორობა გავაუმჯობესოთ. ასე რომ, თანამშრომლობა გრძელდება და დარწმუნებული ვარ, ეს შედეგს გამოიღებს“, – აცხადებს მარკო მონტი.

„ინტერის“ აკადემიის ტექნიკური დირექტორი საქართველოში 2022 წლის ოქტომბერშიც იმყოფებოდა. მისი სურვილია, ქართული ფილიალი „ინტერის“ აკადემიების ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს.

„ინტერის“ აკადემიას მსოფლიოში 23 ფილიალი აქვს – აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ჩინეთში, იაპონიასა და ავსტრალიაში. ეს პროექტი 2008 წელს დაიწყო და „ნერაძურის“ იტალიური აკადემიების ანალოგია.