„ინტერის“ აკადემიაში „ივიკოს თასის“ („მომავლის თასი“) გათამაშება დაიწყო. ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ივიკო ჭელიძის სახელობის ტურნირი მერვედ ტარდება, ტურნირის ორგანიზატორია თბილისის ფეხბურთის ფედერაცია
წელს ტურნირზე 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობენ. მთავარი პრიზისთვის ოთხ ჯგუფში გადანაწილებული 16 გუნდი იბრძოლებს, ხოლო ფინალი 28 მაისს გაიმართება.
გახსნის ცერემონიაზე მონაწილე ფეხბურთელებს ტურნირის ინიციატორმა, ფეხბურთელის ბაბუამ ივერი ჭელიძემ მიმართა და წარმატებები უსურვა.
„პატარა ივიკოს გარდაცვალებიდან იმდენი დრო გავიდა, მისი ზოგიერთი გუნდელი უკვე ასაკობრივ ნაკრებებში დააწინაურეს – მათ და ამ ტურნირის მონაწილეებს მინდა ვუსრვო, რომ საქართელო ისე გაახარონ, როგორც ამას ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი ახერხებენ“, – ამბობს ტურნირის ინიციატორი ივერი ჭელიძე.