Instagram-ზე ცვლილებაა - სიახლეების ზოლი კვლავ ქრონოლოგიური ხდება
Instagram-ზე ცვლილებაა - სიახლეების ზოლი კვლავ ქრონოლოგიური ხდება

Instagram-ზე მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება. მართალია, პოსტების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა სრულად არ ბრუნდება, მაგრამ ქსელი აქტიურად მუშაობს, რათა სიახლეთა ზოლში ერთი კვირის წინანდელ ფოტოებს აღარ გადააწყდეთ.

22 მარტს Instagram-მა გამოუშვა სიახლეების ზოლის განახლება, რომელიც უპირატესობას მიანიჭებს უფრო ახალ პოსტებს. გარდა ამისა, ტესტირების რეჟიმშია ღილაკი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თავად აირჩიონ, როდის განახლდეს კედელი.


Instagram-ის განცხადებით, ეს ცვლილებები ჯერ მხოლოდ პირველი ნაწილია უფრო მასშტაბური განახლებისა, რომელიც რამდენიმე თვეში გამოვა. განახლების მიზანი სიახლეების ზოლის გაუმჯობესებაა.

Instagram-ის კდელზე გადამწყვეტ როლს ყოველთვის პოსტის თარიღი თამაშობდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ქსელმა ქრონოლოგიურ კედელზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ თარიღი ყოველთვის მაინც გათავალისწინებული იყო, Instagram-ი ამიერიდან უპირატესობას უფრო ახალ თარიღებს მიანიჭებს და ალგორითმი სიახლეთა ზოლში უფრო მალე გამოგიჩენთ ახალ პოსტებს.

Instagram-ის განცხადებით, ცვლილებათა მიზეზი მომხმარებლებისგან წამოსული უკუკავშირი გახდა.

„ამ ცვლილებების შემდეგ, თქვენი სიახლეების ზოლი უფრო ცოცხალი გახდება და აღარ გამოგრჩებათ მომენტები, რომლებიც თქვენთვის შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს“, — ნათქვამია Instagram-ის ოფიციალურ განცხადებაში.

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება განახლების ღილაკს, მაგრამ ეს ხელსაწყო ჯერ მხოლოდ ტესტირების ეტაპს გადის.

„ახალი პოსტების“ ღილაკი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თავად აირჩიონ კედლის განახლების დრო, რითაც თავიდან აიცილებენ იმ პოსტის დაკარგვას, რომელსაც ათვალიერებდნენ. მაგალითად, მომხმარებლები ჩიოდნენ, რომ როდესაც აპლიკაციას რამდენიმე წუთით კეცავდნენ, თუნდაც ტექსტური შეტყობინების გაგზავნის მიზნით, უკან დაბრუნებისას Instagram-ის სიახლეთა ზოლი ავტომატურად ახლდებოდა.