ინსპექტორის სამსახური - სასკოლო კრებებზე დაუშვებელია კონკრეტული მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვა
ინსპექტორის სამსახური - სასკოლო კრებებზე დაუშვებელია კონკრეტული მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს.

„ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი.

სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.

აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი.

„სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები.

დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები.

მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში.

მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.

დატოვე კომენტარი