ინგუშეთში საპროტესტო აქციაზე რესპუბლიკის მეთაურის გადადგომას ითხოვენ
ინგუშეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მეთაურის გადადგომას ითხოვენ. მაგასეში მიმდინარე მიტინგზე ათობით ათასი ადამიანია შეკრებილი.
აქცია სანქცირებულია და მას ინგუშეთს ნაციონალური ერთობის კომიტეტის წევრებიც ესწრებიან.
მიტინგის მონაწილეები ამბობენ, რომ იუნუს-ბეკ ევკუროვს უნდობლობას უცხადებენ.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. როგორც მომიტინგეები ამბობენ, ქალაქში ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მანქანების გადაადგილება შეინიშნება, ხოლო მაღალსართულიან შენობებზე სნაიპერები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები ინგუშეთის მეთაურის პირდაპირი არჩევნების შემოღებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ინგუშეთში მრავალრიცხოვანი აქციები შარშანაც გაიმართა. მაშინ მოქალაქეები ინგუშეთისა და ჩეჩნეთის საზღვრის ცვლილებას აპროტესტებდნენ.