ინგლისური ფეხბურთი ფინანსური კრიზისის საფრთხის წინაშეა – კლუბების 94 პროცენტი ზარალზეა #1TVSPORT
ინგლისური ფეხბურთის დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ (IFR) ქვეყნის საფეხბურთო კლუბების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ინგლისური ფეხბურთი სერიოზული ფინანსური კრიზისის საფრთხის წინაშეა.
ანგარიშის თანახმად, ინგლისის ხუთი უმაღლესი დივიზიონის 116 კლუბიდან 109, ანუ 94 პროცენტი ზარალზე მუშაობს – მიუხედავად იმისა, რომ 2025/26 წლების სეზონში ინგლისური ფეხბურთის საერთო შემოსავალმა დაახლოებით 9 მილიარდი ფუნტი შეადგინა. ამავე პერიოდში კლუბების ჯამურმა ზარალმა 1,7 მილიარდ ფუნტს მიაღწია.
განსაკუთრებით საგანგაშოა კლუბების მფლობელებზე ფინანსური დამოკიდებულება. გამოკითხული კლუბების 66 პროცენტმა განაცხადა, რომ მფლობელებისგან დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში საქმიანობის გაგრძელებას 90 დღეზე მეტხანს ვერ შეძლებდა. კლუბების 29 პროცენტს კი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე არსებობა ერთ თვეზე მეტხანს გაუჭირდებოდა.
კვლევის მიხედვით, ინგლისური კლუბების საერთო ვალი 2026/27 წლების სეზონისთვის, შესაძლოა, 5,1 მილიარდ ფუნტამდე, დაახლოებით 6 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს.
ამასთან, პრემიერლიგის კლუბების 20 პროცენტი, ინგლისის საფეხბურთო ლიგისა (EFL) და ეროვნული ლიგის გუნდების 60 პროცენტზე მეტი ტექნიკურად გადახდისუუნაროა. ეს ნიშნავს, რომ მათი ფინანსური ვალდებულებები აქტივების საბალანსო ღირებულებას აღემატება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფინანსური პრობლემების მთავარი მიზეზები მზარდი ხარჯები, კლუბებს შორის შემოსავლების არათანაბარი განაწილება და მფლობელების დაფინანსებაზე დამოკიდებულებაა.
ინგლისური ფეხბურთის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვითარების გამოსასწორებლად გადაუდებელი ზომების მიღებას მოითხოვს. ორგანიზაციამ უკვე შეიმუშავა ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც კლუბების ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებასა და შემოსავლების განაწილების სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს.