ინგლისში მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი გარდაიცვალა (ვიდეო)
შაბათს, 21 დეკემბერს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მარტინ პიტერსი. ამის შესახებ გამოაცხადა „ვესტ ჰემის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა.
პიტერსმა ვარსკვლავის სტატუსი სწორედ ამ ლონდონურ კლუბში მოიპოვა. ის „ვესტ ჰემში“ 1959-70 წლებში თამაშობდა, სულ 302 მატჩი ჩაატარა და 81 გოლი გაიტანა.
ასევე მარტინ პიტერსის ანგარიშზეა 67 მატჩი და 20 გოლი ინგლისის ნაკრებში. ის 23 წლის იყო, როცა მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა გერმანიის წინააღმდეგ. ის შეხვედრა ინგლისელებმა დამატებით დროში 4:2 მოიგეს და ერთ-ერთი გოლი პიტერსმა გაიტანა.
საინტერესოა, რომ მარტინ პიტერსს თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგაც უთამაშია. 1973 წელს, როდესაც ის „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში გამოდიოდა, ლონდონურმა გუნდმა დინამოელები უეფას თასის მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში 6-2 (1-1, 5-1) დაამარცხა, პიტერსმა კი ლონდონში თბილისელებს ორი გოლი გაუტანა.