ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ, მაქსიმუმ, ერთი წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სვენ-გორან ერიქსონმა ინტერვიუში გაამხილა, რომ კუჭის კიბოთია დაავადებული. 75 წლის სპეციალისტმა ავადმყოფობის გამო 2023 წლის თებერვალში დატოვა „კარლსტადის“ სპორტული დირექტორის პოსტი.
„ყველა ხედავს, რომ მძიმედ ვარ ავად. დიახ, ეს კიბოა, მაგრამ შევეცდები, რაც შეიძლება დიდხანს ვიბრძოლო.
მესმის, რომ საუკეთესო შემთხვევაში ერთი წელი ვიცოცხლებ. ექიმები არ არიან დარწმუნებულნი 100 პროცენტით, მათ არ შეუძლიათ ზუსტი დღის დასახელება.
უმჯობესია, არ ვიფიქრო ამაზე, საჭიროა ტვინის მოტყუება. შეიძლება მუდმივად იფიქრო ამაზე, იჯდე სახლში, გამოიყურებოდე საცოდავად და მუდმივად იძახო, რომ არ გაგიმართლა, მაგრამ უნდა შეგეძლოს პოზიტიური მომენტების დანახვა. არ შეიძლება საკუთარი თავის წინასწარ დასაფლავება“, – განუცხადა შვედმა სპეციალისტმა რადიო P1-ს.
სვენ-გორან ერიქსონის ხელმძღვანელობით „ლაციომ“ იტალიის ჩემპიონატი და უეფა-ს სუპერთასი მოიგო. მან „გიოტებორგს“ მოაგებინა უეფა-ს თასი და შვედეთის ჩემპიონატი. „ბენფიკასთან“ ერთად სამჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი. 2001-06 წლებში ერიქსონი ხელმძღვანელობდა ინგლისის ნაკრებს, ასევე მუშაობდა „მანჩესტერ სიტიში“, „ლესტერში“, მექსიკისა და კოტ დ’ივუარის ნაკრებებში.