ინგლისის პრემიერლიგაში პირველი ტურიდან გადატანილ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ შინ მოუგო „ასტონ ვილას“ – 2:0. პეპ გვარდიოლას გუნდმა მატჩის მიწურულს გატეხა ბირმინგემელთა წინააღმდეგობა – 79-ე წუთზე ბერნარდო სილვამ გახსნა ანგარიში, კომპენსირებულ დროში კი პენალტით ილქაი გიუნდოგანმა დასვა წერტილი. ამით “სიტიმ“ 38 ქულა დააგროვა და დროებით ჩაუდგა სათავეში გათამაშების ცხრილს.
თუ ინგლისის ბოლო ორ სეზონში მხოლოდ „სიტი“ და „ლივერპული“ ცვლიდნენ ერთმანეთს პირველ ადგილზე, წელს, პრემიერლიგაში უკვე ცხრა ლიდერი შეიცვალა. პირველი ტურის შემდეგ, ცხრილს სათავეში ედგა „არსენალი”, რომელიც მალე შეცვალა „ლესტერმა“. შემდეგ ცოტა ხნით წინ გავიდა „ევერტონი”, რასაც „ლივერპულისა“ და „ტოტენჰემის“ ლიდერობა მოჰყვა. სადღაც ამ მოვლენებს შორის, ლიდერი „საუთმჰემპტონიც“ იყო.
ახლა დადგა მანჩესტერული გუნდების დრო: ჯერ პირველ ადგილზე გადავიდა „იუნაიტედი“, „ასტონ ვილასთან“ მოგების შემდეგ კი ცხრილის სათავეში მოექცა „მანჩესტერ სიტი“. სავარაუდოდ, ეს ცხრაგუნდიანი სია აღარ შეიცვლება, რადგან TOP8-ში მყოფი გუნდები – „ვესტ ჰემი“ და „ჩელსი“ საკმაოდ შორს არიან მწვერვალიდან.
რაც შეეხება „სიტის“ ლიდერობას, ის დიდხანს არ გაგრძელებულა: გვიან ღამით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად „ფულჰემთან“ 0:1 ჩამორჩა, მაგრამ ედინსონ კავანისა და პოლ პოგბას გოლებით 2:1 გაიმარჯვა და 40 ქულით ისევ პირველ ადგილზე აღმოჩნდა.