ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ თბილისი-ბათუმის მატარებლიდან გადაყვანილ ჩინეთის ორ მოქალაქეს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება
ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ თბილისი-ბათუმის მატარებლიდან გადაყვანილ ჩინეთის ორ მოქალაქეს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება

ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევაზე მიუთითებდეს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან აღნიშნულ პირებთან მიმართებით კითხვები გაჩნდა, მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები, რომელთა პასუხებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჩინელი ცოლ-ქმარი არიან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში დუბაიდან. შანხაი მათ დატოვეს დაახლოებით ერთი თვის წინ, დუბაიში იმყოფებოდნენ და საქართველოში ჩამოვიდნენ რამდენიმე დღის წინ. იმყოფებოდნენ გუდაურში, დღეს თბილისში და თბილისიდან აპირებდნენ ბათუმი-თბილისის მატარებლით ბათუმში წასვლას. მატარებელში ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ სიტუაცია შეფასდა ისე, თითქოს ეს პაციენტები არიან ინფიცირებულები, ითხოვდნენ მატარებლიდან მათ მოხსნას და ჩვენთან მოყვანას. ახლახანს შემოვიდნენ ჩვენთან ეს პაციენტები. ჩვენ ვერ მოვახერხეთ თავიდან ბოლომდე ანამნეზის აკრეფა. მათი ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. პრინციპში შეიძლება, ითქვას, რომ ეპიდანამნეზიდან გამომდინარე, ამ პაციენტების მდგომარეობის გათვალისწინებით, ისინი არ უნდა იყვნენ ახალ კორონავირუსთან მიმართებაში, როგორც შესაძლო შემთხვევა, ანუ არც ინფიცირებულები არიან და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არ წარმოადგენენ საშიშროებას გარშემომყოფთათვის. ამ ეტაპზე ჩვენთან არანაირი სიმპტომი არ აქვთ. ტემპერატურა ნორმალური აქვთ. არაფერს უჩივიან. წინასწარი ინფორმაციით, არც ხველა აქვთ, არც სუნთქვის გაძნელება. გაგრძელება მათი კვლევები და მათ შედეგებს მოგახსენებთ მოგვიანებით. ვინაიდან არის კითხვები, ხდება გადამოწმება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ცენტრალურ სადგურში თბილისი-ბათუმის მატარებელი გარკვეული დროით გაჩერებული იყო. მატარებელი დაგეგმილ დროს ბათუმის მიმართულებით ვერ გავიდა, რისი მიზეზიც ჩინეთის ორი მოქალაქე გახდა. როგორც აღნიშნული რეისის მგზავრები აცხადებდნენ, ჩინეთის მოქალაქეებს სურდოს ნიშნები აღენიშნებოდათ და მათთან მგზავრობაზე უარს აცხადებდნენ. მოგვიანებით, ჩინეთის ორი მოქალაქე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.