თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ჩინეთის ორი მოქალაქე საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაიყვანეს, მათ კორონავირუსის ნიშნები არ აქვთ
თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ჩინეთის ორი მოქალაქე საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაიყვანეს, მათ კორონავირუსის ნიშნები არ აქვთ

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლიდან ჩინეთის ორი მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ, თუმცა დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ.

რაც შეეხება რეისის სხვა მგზავრებს, როგორც საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული მგზავრები ბათუმში სხვა მატარებლით გაემგზავრნენ.

„ჩინეთის მოქალაქეები მატარებლით მგზავრობდნენ. ამ დროს მგზავრებმა შენიშნეს გარკვეული ნიშნები ერთგვარი გაციების, რამაც გამოიწვია ინტერესი. ამის გამო ჩვენ გამოვიძახეთ შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, რათა არ შეფერხებულიყვნენ მგზავრები. მათთვის გამოვიყვანეთ ახალი მატარებელი და ამ მატარებლით ოდნავ დაგვიანებით შევთავაზეთ მათ მგზავრობა. რეისი შესრულდა. ეს ხალხი მგზავრობს სრულიად უსაფრთხოდ. რაც შეეხება ამ ხალხს, მოხდება შესაბამისი დაკვირვება. ნაკლები რისკის შემცველი სიმპტომები იყო, თუ არ ვცდები“,- განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

თბილისის ცენტრალურ სადგურში თბილისი-ბათუმის მატარებელი გარკვეული დროით გაჩერებული იყო. მატარებელი დაგეგმილ დროს ბათუმის მიმართულებით ვერ გავიდა, რისი მიზეზიც ჩინეთის ორი მოქალაქე გახდა. როგორც აღნიშნული რეისის მგზავრები აცხადებდნენ, ჩინეთის მოქალაქეებს სურდოს ნიშნები აღენიშნებოდათ და მათთან მგზავრობაზე უარს აცხადებდნენ.