იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი - სტატისტიკის თანახმად, 15 წლამდე ასაკის ბავშვები კორონავირუსით პრაქტიკულად არ დაავადებულან
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი - სტატისტიკის თანახმად, 15 წლამდე ასაკის ბავშვები კორონავირუსით პრაქტიკულად არ დაავადებულან

კორონავირუსთან მიმართებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუ ვიქნებით ინფორმირებულები, სწორად ვიმოქმედებთ, სწორად დავიცავთ თავს, ჩვენს ირგვლივ მყოფებს და ჩვენი ოჯახის წევრებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განუცხადა.

იმუნოლოგის თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შეიძლება ის ძირითადი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ, რაც ზოგადად რესპირატორულ ვირუსებთან მიმართებით მოქმედებს.

„რეკომენდაციები, რომლებიც ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში არსებობდა და არსებობს, ბუნებრივია, შეიძლება სრულად გადმოვიტანოთ ამ ვირუსული ინფექციის შემთხვევაში, რადგან ესეც არის რესპირატორულ ვირუსთაგანი, რომელმაც მართალია, მუტაცია განიცადა და გაცილებით რთული მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე ჩვეულებრივი გაციებითი დაავადება, მაგრამ დაცვის საშუალებები და პრევენცია იგივეა, როგორც ყველა რესპირატორული დაავადების დროს. ჩამოვთვალოთ, რა არის ეს მთავარი ღონისძიებები, რომლებიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს. პირველ რიგში, ეს არის ხელის დაბანა. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან თვითონ ვირუსს ახასიათებს არა მარტო ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება, არამედ კონტაქტური გზითაც გავრცელება. ცნობილია, რომ ადამიანი საშუალოდ დღეში 23-ჯერ და მეტჯერ საკუთარი ხელით თავის სახეს ეხება – ცხვირს, პირს, თვალს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზედაპირებიდან ხელი ბინძურდება, ინფიცირდება და შესაბამისად, რაც უფრო გავაძლიერებთ ხელის ჰიგიენას და დაბანას, ეს შეამცირებს ვირუსის ჩვენს სხეულზე ექსპოზიციის აუცილებლობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა დაავადებულმა ადამიანმა თავი შეიკავოს საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილებისგან, სამსახურში სიარულისგან. თუ ბავშვი გაციებულია, ბუნებრივია, პატარა არ წაიყვანოთ არც ბაღში და არც სკოლაში, რადგან ეს ჯანმრთელ ბავშვებს დაიცავს შესაძლო ინფექციებისგან. შესაბამისად, ეს ძირითადი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის სტატისტიკის თანახმად, რომელიც 80 000 ადამიანის მონაცემებს ეყრდნობა, ვირუსი თითქმის არ დაფიქსირებულა 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

„განსხვავებით იმ უფრო საშიში და ვერაგი ვირუსისგან, რომელსაც გრიპის ვირუსი ჰქვია. ისინი ძირითადად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს აზარალებენ. ახალი კორონავირუსით ჯერჯერობით 15 წლამდე ბავშვები პრაქტიკულად არ დაავადებულან, მინიმალური შემთხვევებია და ძირითადი დამაზიანებელი ფაქტორი ამ ვირუსს აქვს დაავადებულ ადამიანზე, ასაკოვან ადამიანზე. გარდაცვალების შემთხვევის პროცენტებს თუ ვნახავთ, 50 წლამდე საერთოდ 0.5 პროცენტი არის გარდაცვალება და ჩვეულებრივი გრიპისთვისაც არის დამახასიათებელი. რაც უფრო იმატებს ასაკი, ლეტალობაც იზრდება და 80 წლის ზემოთ 15 პროცენტს აღწევს გარდაცვალების შემთხვევები“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

​იმუნოლოგის თქმით, კორონავირუსთან მიმართებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციაა. მართალია, ახალი შტამია, მუტაციური შტამია, მაგრამ ორი თვის განმავლობაში მსოფლიომ დაინახა, რომ ადამიანების 84 პროცენტი განიკურნა, მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობა ჰქონდათ, ყოველგვარი გართულების გარეშე მორჩა ეს დაავადება, ამიტომ პანიკის საფუძველი ამ ვირუსთან მიმართებით არ არსებობს, თუ ვიქნებით ინფორმირებულები. დღეს ინფორმაცია ცოდნის ტოლფასია, ამიტომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ, სწორად ვიმოქმედებთ, მით სწორად დავიცავთ თავს, ჩვენს ირგვლივ მყოფებს და ჩვენი ოჯახის წევრებს. ალბათ დათბება და როგორც ხდება ხოლმე, ვირუსული დაავადებები ტემპერატურის მომატებასთან ერთად იკლებს. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.