ილონა თოდუა - ნაზი ჯანეზაშვილმა გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადებები, თურმე ჩემი კეთილსინდისიერება ეჭვს იწვევს
ილონა თოდუა - ნაზი ჯანეზაშვილმა გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადებები, თურმე ჩემი კეთილსინდისიერება ეჭვს იწვევს

ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადებები, თითქოს ეჭვი შეეპარა ჩემს კეთილსინდისიერებაში, – ასე ეხმაურება მოსამართლე ილონა თოდუა საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს.

ნაზი ჯანეზაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ აქვს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებდა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნაზი ჯანეზაშვილს მართლაც სურდა საკითხის შესწავლა, პირველ რიგში, ეს ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინა თავად ბრალდებების ადრესატთან.

„თუ ჭეშმარიტების დადგენა გსურდათ და თქვენი მოტივაცია ობიექტურობის დადგენა იყო, პირველი, რაც უნდა გაგეკეთებინათ, არის ის, რომ დეტალურად შეგემოწმებინათ ინფორმაციები, რა დოკუმენტები არსებობდა. მინიმუმ, თუ პატივს არ დამდებდით და სხდომას არ მოიწვევდით, კომუნიკაციის საშუალებით შეგეძლოთ, კითხვა დაგესვათ, მაგრამ ყოველგვარი გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე შეეცადეთ, ეს გაგეკეთებინათ. ორი რამ მინდა გამოვყო, თუ ეს ინფორმაცია გადამოწმებული გქონდათ და მაინც მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ თურმე ჩემი კეთილსინდისიერება ეჭვს იწვევს, მაშინ კომპეტეტურობის პრობლემა გაქვთ; თუ ეს ინფორმაცია არ გადაგიმოწმებიათ და პოპულისტური განცხადებების საფუძველზე განაცხადეთ, ვფიქრობ, ეს პირდაპირ არის მიმართული, განახორციელოთ ჩემი, როგორც მოსამართლის დისკრედიტაცია. ვიყავი იუსტიციის საბჭოს წევრი, სხვა ვერაფერი გამონახეთ და შესაბამისად, ჩათვალეთ, ასეთი ამორალური გზით განგეხორციელებინათ ჩემი დისკრედიტაცია“, – მიმართა ნაზი ჯანეზაშვილს ილონა თოდუამ.

მოსამართლე ილონა თოდუამ დეტალურად ისაუბრა იმ ბინის შესახებ, რომელიც სადაო გახდა საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის.

„დიახ, ვარ სოხუმელი და რითაც ვამაყობ. ვარ იძულებით გადაადგილებული პირი. 1999 წელს ჩემმა მშობლებმა დევნილობის დასაწყისიდან, უმძიმეს პერიოდში, თავიანთი შრომით შეძლეს, შეეძინათ უძრავი ქონება ქალაქ თბილისში. ქალბატონო ნაზი, ხრუშოვკის ტიპის ოროთახიანი ბინა. ეს საცხოვრებელი სახლი ჩემს საკუთრებად დარეგისტრირდა, რადგან ჩემს მშობლებს სხვა შვილი არ ჰყავდათ. ამ პერიოდში საგულისხმოა, რომ სტუდენტი ვიყავი და სრულად ვიყავი დამოკიდებული მათ კმაყოფაზე. ეს იყო ერთადერთი საცხოვრებელი სახლი ჩემი მშობლების და ასევე ჩემი დევნილი ნათესავების. მას შემდეგ, რაც ოჯახი შევქმენი, 2013 წელს, ვალდებულად ჩავთვალე მათი შრომის შედეგად შეძენილი უძრავი ქონება, რომელიც ე.წ. ჩემი საკუთრება იყო, დამებრუნებინა მშობლებისთვის. ვადასტურებ იმას, რომ 2014 წელს, როდესაც ქირით გადავედი, მივმართე იუსტიციის საბჭოს, უზრუნველეყო ქირის გადახდა. კოლეგიურმა ორგანომ აღნიშნული საკითხი განიხილა, შეაფასა გარემოებები, დააკმაყოფილა მოთხოვნა და ხდებოდა თანხის ნაწილის გადახდა, ნაწილს ვიხდიდი მე“, – განაცხადა ილონა თოდუამ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, საბჭოს მიმართა თხოვნით, საცხოვრებელი ფართისთვის გამოყოფილი თანხის გადახდა შეეწყვიტა.

ამასთან, თავის მხრივ, ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლე თოდუას სხდომაზე უპასუხა, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყო ამომწურავი, თუმცა ვერ გააქარწყლა ეჭვები, რაც მოსამართლის მიმართ ჰქონდა.

ამასთან, მოსამართლე ილონა თოდუამ გუშინვე გაავრცელა განცხადება. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კანონით მისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, მოსამართლის დისკრედიტაციას ეწევა.