ილონ მასკის განცხადებით, ხუთ წელიწადში, Neuralink-ის ტვინის ჩიპი ყურებში შუილს განკურნავს — #1tvმეცნიერება
ილონ მასკის განცხადებით, ხუთ წელიწადში, Neuralink-ის ტვინის ჩიპი ყურებში შუილს განკურნავს — #1tvმეცნიერება

ადამიანის თავის ტვინი ყველაზე კომპლექსური ბიოლოგიური სტრუქტურაა, რასაც კი ოდესმე უარსებია. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებას ტვინი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ აქვს, ნეირომეცნიერების სფეროში მოღვაწე მეცნიერები მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ.

ნეირომეცნიერებმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადეს თავის ტვინის 85 მილიარდი ან მეტი ნეირონისა და მათ შორის არსებული 100 ტრილიონი შეერთების კომპლექსურ ფუნქციათა შედგენის მიმართულებით.

სილიკონის ველის სტარტაპმა, სახელად Neuralink-მა, რომელსაც ილონ მასკი ფლობს, ნეიროპროსთეტური მოწყობილობა შექმნა, რასაც ნეიროკომოიუტერულ (თავის ტვინი-კომპიუტერი) ინტერფეისს უწოდებენ. მასკი აცხადებს, რომ სხვა მრავალ რამესთან ერთად, ხუთ წელიწადში ამ ჩიპმა შეიძლება განკურნოს ტინიტუსი, ნევროლოგიური სინდრომი, რომელიც ყურებში შუილს იწვევს. არის თუ არა ეს შესაძლებელი?

რა არის Neuralink-ი?

Neuralink-ის მონეტის ზომის მოწყობილობა, სახელად Link-ი, ქირურგიული რობოტის სიზუსტით ინერგება თავის ტვინში. რობოტი Link-იდან გამომავალ ათასობით ძაფს გარკვეულ ნეირონებს უერთებს. თითოეული ძაფი ადამიანის თმის დიამეტრის მეოთხედია.

წინდა უკან გამუდმებული კავშირისთვის, მოწყობილობა გარე კომპიუტერს Bluetooth-ით უკავშირდება.

მომავალში, Neuralink-ის პროთეზები შეიძლება დაეხმაროს მრავალი სხვადასხვა სახის ნევროლოგიური აშლილობის მქონე ადამიანებს, რომლებშიც თავის ტვინსა და სხეულის მომსახურე ნერვებს შორის გათიშულობა ან ცუდი კავშირია. მათ შორის არის პარაპლეგიით, კვადრიპლეგიით, პარკინსონის დაავადებითა და ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები.

Neuralink-ი 2016 წელს დაარსდა და მოწინავე ნეირომეცნიერები შემოიკრიბა აკადემიური წრეებიდან; შედეგად, გააფართოვა კვლევითი საზოგადოება ამ დაავადებათა სამკურნალო ტექნოლოგიების შესაქმნელად.

Neuralink-ის საცდელ მაიმუნს გონებით შეუძლია Pong-ის თამაში

2021 წლის აპრილში, კომპანიამ გამოაქვეყნა კონცეპტის დამადასტურებელი გამორჩეული ვიდეო. ნაჩვენები იყო ცხრა წლის მაკაკა მაიმუნი, სახელად პეიჯერი, რომელიც საკუთარი გონებით, წარმატებულად თამაშობდა Pong-ს. მაიმუნს თავის ტვინში ჩადგმული ჰქონდა Neuralink-ის მოწყობილობა, რომელიც იმ კომპიუტერს უკავშირდებოდა, რომელთანაც მაიმუნი თამაშობდა.

 

მაკაკამ იცოდა, როგორ ეთამაშა Pong-ი ჯოისტიკებით. როდესაც სწორ სვლას აკეთებდა, ჯილდოდ ბანანის სმუზს იღებდა.

თამაშის დროს Neuralink-ის იმპლანტი იწერდა თავის ტვინში მიმდინარე ელექტრულ აქტივობათა მახასიათებლებს. ასე გამოვლინდა მოძრაობის მაკონტროლებელი ნეირონები.

როდესაც ჯოისტიკებს გათიშავდნენ, პეიჯერს თამაში მაინც შეეძლო და მხოლოდ საკუთარი გონების გამოყენებით იმარჯვებდა.

Neuralink-ის პროტოტიპის დახვეწის მიზნით, 2022 წლის ბოლოდან დაგეგმილია ადამიანებზე ცდების დაწყება, თუკი ამას აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) დაამტკიცებს.

მასკის მოთხოვნა ტინიტუსზე

ილონ მასკი აცხადებს, რომ Neuralink-ის მოწყობილობა ტინიტუსს 2027 წლისთვის განკურნავს.

ტინიტუსი ნევროლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც, პაციენტებს შუილი და ზუზუნი ესმით მაშინ, როცა ამის რაიმე გარე წყარო არ არსებობს.

ტინიტუსი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მაშინ ვითარდება, როდესაც ნერვი, სახელად ვესტიბულოკოქლეარული ნერვი (ლოკოკინისებრი ნერვი), რომელიც შიდა ყურს თავის ტვინთან აკავშირებს, დაზიანებულია ხანგრძლივი ძლიერი ხმაურის, დაზიანების ან სისხლის მიწოდების ნაკლებობით.

ტინიტუსის განკურნება მიუღწეველი აღმოჩნდა. ამჟამინდელი სამკურნალო საშუალებები მხოლოდ შუილს ნიღბავს ან ადამიანს მის დაიგნორებას ასწავლის.

ამ დროისათვის, Neuralink-ის პროთეზი თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქს, ანუ თავის ტვინის ზედაპირულ შრეს უკავშირდება. სწორედ აქ შეუძლია მოწყობილობას გამოასწოროს დაზიანებული ტვინის უუნარობა, დაამუშაოს მამოძრავებელი შემავალი და გამავალი სიგნალები.

არის თუ არა მასკის მოთხოვნა სარწმუნო?

მასკის პრეტენზიები შეიძლება გრანდიოზულად გამოიყურებოდეს. თუმცა, კამათის საგანს არ წარმოადგენს მეცნიერება, რომელსაც ის ეფუძნება.

ნერვული იმპლანტები ადამიანებს ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან ეხმარება, მას შემდეგ, რაც პირველი ლოკოკინისებრი იმპლანტი ჩაუსვეს დაზიანებული სმენის მქონე ადამიანს. 60 წლის შემდეგ, ამ მიმართულებით პროგრესი გაცილებით დიდია.

ნეირომეცნიერები ამ მოწყობილობას დიდად ოპტიმისტურად უყურებენ და მიაჩნიათ, რომ მას ტინიტუსის განკურნების პოტენციალი აქვს. ის შეიძლება ასევე გამოსადეგი იყოს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სამკურნალოდ, ტვინის დაზიანებათა აღსადგენად და ტვინის ღრმა სტიმულაციის მეშვეობით ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიც არის აუტიზმი ან ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებები.

სტენფორდის უნივერსიტეტის თავის ტვინის ინტერფეისის ლაბორატორიის დირექტორი პოლ ნუუიუკიანი განმარტავს:

„ჩვენ სრული პარადიგმის ცვლის ზღვარზე ვართ. ამ ტიპის ტექნოლოგიას სამკურნალო საშუალებათა გარდაქმნის პოტენციალი აქვს. არა მხოლოდ შეტევების, პარალიზებისა და მოტორულ-დეგენერაციული დაავადებების, არამედ თავის ტვინის საკმაოდ ბევრი სხვა დაავადების“.

რაზე უნდა ვიფრთხილოთ?

FDA-ს კატეგორიზაციით, Neuralink-ი III კლასის სამედიცინო მოწყობილობაა, ანუ ყველაზე სარისკო კატეგორიის. ადამიანებზე ცდების დაწყებამდე, Neuralink-მა წარმატებით უნდა დააკმაყოფილოს FDA-ს მკაცრი მაკონტროლებელი რეგულაციები.

იმისათვის, რათა დამტკიცდეს, კომპანიამ უნდა წარადგინოს არაადამიან სატესტო ობიექტებზე (მაგალითად, მაიმუნებზე) ჩატარებული ყოვლისმომცველი კლინიკური ცდების მონაცემები, რათა კონსერვატიულად შეფასდეს შემდეგი ფაზისკენ სვლა. Neuralink-ის ცდებში ზოგიერთი მაიმუნი მოკვდა, რაც ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ შეშფოთების საგანი გახდა.

ადამიანებზე ტესტირების დამტკიცებას გარკვეული დრო დასჭირდება.

მარეგულირებლები შეისწავლიან მოწყობილობის უნებლიე უარყოფით შედეგებს, მაგალითად, დეპრესიას. ასევე ინტერესის საგანი იქნება რამდენად პრაქტიკულია მოწყობილობის ამოღება ან შეკეთება ხარვეზის შემთხვევაში, როგორ მოხდება ტვინის დაზიანების ან ინფექციის რისკების მართვა.

მას შემდეგ, რაც FDA დაამტკიცებს, Neuralink-ი მოაგროვებს ადამიან მოხალისეებს და ცდების შემდეგ ეტაპს დაიწყებს.

უცნობია, როდის იქნება მოწყობილობა კომერციულად ხელმისაწვდომი ან რა ეღირება. შეიძლება ეს მრავალი წლის შემდეგ მოხდეს და იმდენად ძვირი ღირდეს, რომ მხოლოდ მდიდრებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.