ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრების კანდიდატები და ახალი ასისტენტები დაასახელა
კალათბურთში საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ნაკრების კანდიდატები და ახალი ასისტენტები დაასახელა.
ჩვენი ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდის შეკრება 16 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება, ხოლო პირველ მატჩს ილიას ზუროსის შეგირდები 20 თებერვალს, შვეიცარიასთან გამართავენ.
მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული ნაკრების 24 კანდიდატი დაასახელა. ილიას ზუროსი შეკრების დაწყებამდე სამწვრთნელო შტაბთან ერთად იმ კალათბურთელებს შეარჩევს, რომლებიც 16 თებერვალს ვარჯიშს შეუდგებიან.
ილიას ზუროსი ეროვნულ ნაკრებს შემდეგი 24 კანდიდატიდან დააკომპლექტებს:
გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა ზაქრაძე, ოთარ ფხაკაძე, მაიკლ დიქსონი, თად მაკფადენი, ლუკა ბულაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, სანდრო სანაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ნიკა გაფრინდაშვილი, დუდა სანაძე, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ნიკა დარბაიძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, აკაკი დვალიშვილი, ილია ლონდარიძე, გიორგი შერმადინი, გიორგი ტურძილაძე.
წინასწარ არაა ცნობილი, რამდენი მოთამაშით დაიწყებს ზუროსის გუნდი შეკრებას – საბოლოო რაოდენობა 14 და 15 თებერვალს დაგეგმილი სუპერლიგის მე-13 ტურის დასრულების შემდეგ დადგინდება. ფიბა-სა და ევროლიგას შორის დაულაგებელი ურთიერთობის გამო საკუთარი ქვეყნის ნაკრებებში ვერ იასპარეზებენ ევროლიგის გუნდებში მოთამაშე კალათბურთელები. ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარება ესპანური „ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია. ზუროსი ასევე ვერ გამოიყენებს ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე გოგა ბითაძეს და სტუდენტური ლიგის (NCAA) ქართველებს.
სიახლეა საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, რომელსაც ორი ახალი წევრი ეყოლება: ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები – მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა. წინა წლების მსგავსად, ილიას ზუროსის ასისტენტები იქნებიან სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ბერძენი გეორგიოს (ჯორჯ) ლიმნიატისი. ნაკრების ფიზმომზადებაზე კვლავ ირაკლი შიოშვილი იზრუნებს.
საქართველოს ნაკრები 16, 17, 18 და 19 თებერვალს ვარჯიშებს სპორტის სასახლეში გამართავს, რის შედეგადაც საბოლოოდ შეირჩევა გუნდის ძირითადი, 12-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც 20 თებერვალს თბილისში შვეიცარიას, 23 თებერვალს კი ბელგრადში – სერბეთს დავუპირისპირდებით.