ილიას ზუროსი - თუ ისევე კარგად ვითამაშებთ, როგორც იტალიასთან, ევრობასკეტზე ბევრს მივაღწევთ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიასთან მატჩის (84:91) შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა:
„მეამაყება ჩემი ბიჭების. იყო შეცდომები, მაგრამ მათ ყველაფერი დადეს მოედანზე. ეს ამ ზაფხულს პირველი მატჩი იყო თორნიკე შენგელიას გარეშე. აქამდე სხვანაირად ვვარჯიშობდით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. თუმცა მოულოდნელად, ევრობასკეტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოგვაკლდა გუნდის ლიდერი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.
ეს მატჩი დასრულდა. ევრობასკეტზე იტალიას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენც ევრობასკეტის თანამასპინძლები ვართ და გვაქვს მაღალი მიზნები. პირველი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა და ბერლინში წასვლაა. მჯერა, თუ ისევე კარგად ვითამაშებთ, როგორც იტალიასთან, ევრობასკეტზე ბევრს მივაღწევთ“.
ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე განსაკუთრებულად ილაპარაკა გიორგი ცინცაძის შესახებ:
„ამ კალათბურთელს ძალიან მძიმე ტრავმა ჰქონდა. მთელი სეზონი გაუცდა. მაგრამ წარმოუდგენლად ბევრი იშრომა, რომ დაბრუნებულიყო ნაკრებში. რადგან მას ეს გუნდი და საქართველო ძალიან უყვარს. გიორგი 16 წელია ნაკრებში თამაშობს და ძალიან ნიჭიერი კალათბურთელია“.