დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრები იტალიაში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

 

 

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მერვე მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე იტალია იყო, რომელთანაც ჩვენმა გუნდმა ისტორიაში მეათედ ითამაშა. მანამდე ყველა შეხვედრა წაგებული ჰქონდა. მეათე შემთხვევაში საქართველო გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ 84:91 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ჰიმნი იტალიის ქალაქ ბრეშაში:

 

პირველი ტაიმი

მატჩის საწყის წუთებზეც გამოჩნდა, რომ „სკუადრა აძურას“ ისეთი გუნდი არ ჰყავს, რომლის დამარცხებაც „ჯვაროსნებს“ არ შეეძლოთ. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 7:0 დაწინაურდა. სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა იტალიელთა სტრატეგია – ფარქვეშ იშვიათად შედიოდნენ, სამქულიანებით ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას.

სწორედ ამის ხარჯზე იტალიამ მაინც მოახერხა დაწინაურება და პირველი ტაიმი 5 ქულის სხვაობით მოიგო (43:38).

ამ მეოთხედში დავინახეთ, რომ გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ფორმას იბრუნებს. მან პერიმეტრიდან ტყორცნებითაც დაგვამახსოვრა თავი და გაგვახსენა მისეული პასები. „ბუს“ გადაცემის შემდეგ ჩამგდები კი ჩვენს გუნდში საკმარისად არიან – ბითაძე, შერმადინი, მამუკელაშვილი…

მეორე ტაიმი

ისევე როგორც წინა ორ მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდის სტარტზე კვლავ მოაწყო გაქცევა. ამჯერად უფრო ეფექტური – 12:0. ამ მონაკვეთში სამქულიანები გამოიყენეს ბითაძემ (2) და ცინცაძემ. ჩვენი გუნდი 50:43 დაწინაურდა.

თუმცა, იტალია ისევ დაბრუნდა თამაშში, რაშიც დიდი წვლილი გამოცდილმა დანილო გალინარიმ შეიტანა. მეოთხე პერიოდის წინ ტაბლოზე თანაბარი ანგარიში, 66:66 ეწერა.

იტალიელები ჯიუტად ცდილობდნენ სამქულიანებით გამარჯვებას. ერთ ეპიზოდში ზედიზედ სამი სამქულიანით 9:0 გაქცევა მოაწყვეს და – 78:72.

ანგარიშის გათანაბრება საქართველოს ნაკრებმა მაკფადენის სამქულიანებით შეძლო – 82:82. საფინალო სირენამდე 2 წუთი რჩებოდა. მატჩის ბედი, როგორც მოსალოდნელი იყო, სამქულიანმა გადაწყვიტა – მატჩის დასრულებამდე 1:25 წუთით ადრე ფონტეკიომ პერიმეტრიდან ზუსტად სტყორცნა, 85:82. ქართველებმა დარჩენილ დროში თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლეს და იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეხუთე მატჩი მოიგო.

ჩვენი გუნდის წაგების მიზეზი კი ოქმიდანაც ჩანს: 38-დან 16 რეალიზებული სამქულიანი – ასეთი სტატისტიკა დააფიქსირა იტალიამ.

 

 

რეკორდი

საქართველოს ნაკრებში ორმაგი დუბლი შეასრულა გოგა ბითაძემ – 19 ქულა, 13 მოხსნა. დუბლთან ძალიან ახლოს იყო გიორგი ცინცაძე, რომელმაც 8 ქულას 11 პასი მიამატა.

11 შედეგიანი გადაცემა საქართველოს ნაკრების რეკორდის გამეორებაა. 2005 წელს ლუქსემბურგთან მატჩში სწორედ 11 პასი ჰქონდა ლაშა გამყრელიძეს, რომელმც თავის მხრივ შემონდ უილიამსის 10-პასიანი რეკორდი გააუმჯობესა.

27 აგვისტო, 2022

ნიდერლანდები-ესპანეთი 64:86

იტალია-საქართველო 91:84

ისლანდია-უკრაინა 91:88

 

11 ნოემბერი, 2022

ისლანდია-საქართველო

იტალია-ესპანეთი

ნიდერლანდები-უკრაინა

 

14 ნოემბერი, 2022

ესპანეთი-ნიდერლანდები

საქართველო-იტალია

უკრაინა-ისლანდია

 

23 თებერვალი, 2023 წ

ისლანდია-ესპანეთი

ნიდერლანდები-საქართველო

იტალია-უკრაინა

 

26 თბერვალი, 2023

უკრაინა-ნიდერლანდები

საქართველო-ისლანდია

ესპანეთი-იტალია

 

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურს 3 საუკეთესო მოიპოვებს.